პაველ ჰერჩინსკი - საქართველო არ ესწრება უფრო და უფრო მეტ ღონისძიებას, მათ შორის ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას, ვწუხვარ, მაგრამ ეს არის დღევანდელი რეალობა
დღევანდელ ღონისძიებაზე პირადი მოწვევა არ გაგვიგზავნია არც ახლანდელი და არც ყოფილი მთავრობისთვის, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა „ექსპო ჯორჯიაში“, სადაც, ევროკავშირის წარმომადგენლობის ინიციატივით, ევროპის დღე აღინიშნება.
ჰერჩინსკის კითხვა დაუსვეს, მიიწვია თუ არა ევროპის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და სხვა პოლიტიკოსები.
„ეს არის ღია ღონისძიება. ჩვენ მოვიწიეთ ყველა. შესაძლოა, ნახეთ კამპანია მედიაში, სოციალურ ქსელში ჩვენი პოსტერები. იმედი მაქვს, ბევრი ადამიანი მოვა, რათა აღნიშნოს ევროპის დღე ჩვენთან ერთად, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად. მართალი ხართ, პირადი მოწვევა არ გაგვიგზავნია არც ახლანდელი და არც ყოფილი მთავრობისთვის. ვწუხვარ, მაგრამ ეს არის დღევანდელი რეალობა, საქართველო არ ესწრება უფრო და უფრო მეტ ღონისძიებას, მათ შორის ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას. ეს არის იმ ქმედებების შედეგი, რომელსაც საქართველოს მთავრობა, ბოლო ერთი წელია, ახორციელებს. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ეს არის დღევანდელი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის რეალობა.
ჩვენ აქ ვართ ევროპული დღეების აღსანიშნავად. როგორც ევროკავშირი, ამაყი ვართ, რომ 75 წლის განმავლობაში ჩვენ 27 წევრი სახელმწიფოსთვის ვართ მშვიდობის, სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გარანტია. ჩვენ კანდიდატის სტატუსის მონიჭებით მივიღეთ გადაწყვეტილება, მივსალმებოდით საქართველოს. გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ შორის არის საქართველოს ადგილი, მაგრამ ამისთვის გვჭირდება არა მხოლოდ ხალხი, რომელიც მართლაც პროევროპულია, არამედ მთავრობა, რომელმაც სერიოზულად უნდა დაძლიოს არსებული პოლიტიკური კრიზისი, უნდა დაიწყოს ლაპარაკი, აღიდგინოს ნდობა და რომელმაც უნდა შეასრულოს აუცილებელი რეფორმები, რათა საქართველო ეტაპობრივად გახდეს ერთ-ერთი ჩვენგანი. რამდენად სწრაფად სურს საქართველოს, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, ეს საქართველოზეა დამოკიდებული. შემიძლია გითხრათ, რომ არიან სხვა კანდიდატი ქვეყნები, რომლებიც სწრაფად მიდიან წინ. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა მიმდინარეობდა გუშინ – არაფორმალური შეხვედრა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებისა და კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნების წარმომადგენლებთან, საქართველოს გარეშე. ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო წლის განმავლობაში გადადგმული ნაბიჯების შედეგი“, – აღნიშნა ჰერჩინსკიმ.