პაველ ჰერჩინსკი - სამწუხაროდ, ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს, ე.წ. უცხოური აგენტების, „ფარას“ კანონს, რომელიც არის ამერიკული კანონმდებლობის ანალოგი, არაფერი აქვს საერთო ევროპულ კანონმდებლობასთან
2023 წლის დეკემბრის შემდეგ, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, არ მიეღო ის კანონები, რომლებიც გვაქვს ევროკავშირში, არამედ მიეღო კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის წესებს, პრინციპებს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
ჰერჩინსკის თქმით, ამ კანონებით შეუძლებელი იქნება, საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს.
„ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ერთხმად გადაწყვიტეს საქართველოსთვის ოფიციალურად კანდიდატის სტატუსის მინიჭება. რას ნიშნავს ეს? ჩვენ გავუღეთ კარი საქართველოს, გახდეს ევროკავშირის წევრი. იმისათვის, რომ ეს მოხდეს, საქართველო თანდათანობით უნდა გახდეს ჩვენიანი. ამისთვის მთავარი წინაპირობაა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში არსებული კანონების, წესებისა და რეგულაციების მიღება. იმ ისტორიული მომენტიდან, 2023 წლის დეკემბრის შემდეგ, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, არ მიეღო ის კანონები, რომლებიც გვაქვს ევროკავშირში, არამედ მიეღო კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის წესებს, ევროკავშირის რეგულაციებს, პრინციპებს. სამწუხაროდ, ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს, ე.წ. უცხოური აგენტების, „ფარას“ კანონს, რომელიც არის ამერიკული კანონმდებლობის ანალოგი, არაფერი აქვს საერთო ევროპულ კანონმდებლობასთან.
ვენეციის კომისია, რომელიც ევროპის საბჭოს ორგანოა და საქართველო ევროპის საბჭოს სრულუფლებიანი წევრია, თავის უახლეს, 20-ზე მეტგვერდიან დასკვნაში ნათლად ამბობს, რომ ეს კანონები არა მხოლოდ ევროპულ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება, არამედ საქართველოს ვალდებულებებს ევროპის საბჭოს წინაშე.
სამწუხარო რეალობაა, რომ წელიწად-ნახევარზე მეტი ხნის განმავლობაში საქართველოში მრავალი სხვადასხვა კანონი იქნა მიღებული. არა მხოლოდ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, „ფარა“, არამედ გრანტების შესახებ კანონში შესწორებული ცვლილებები, მაუწყებლობის შესახებ კანონი და მრავალი სხვა. პრაქტიკულად, ყოველდღე შემოდის ახალი კანონები ან იცვლება, რომლებიც ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირია აგებული. ძალიან ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ, მაგრამ, როგორც უმაღლესმა წარმომადგენელმა, ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასმა გასულ ორშაბათს ხმამაღლა და ნათლად განაცხადა, ამ კანონებით შეუძლებელი იქნება საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს. ძალიან ვწუხვარ, რომ ამას ასე ღიად და ხმამაღლა ვამბობ“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
ამასთან, როგორც ჰერჩინსკიმ აღნიშნა, ნაცვლად იმისა, რომ საქართველო ევროკავშირს დაუახლოვდეს, შორდება მას.
„არ ვაკეთებ კომენტარს სხვადასხვა პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ კომენტარებზე. ეს ჩემი საქმე არ არის. ჩემი საქმე ევროკავშირის პოზიციის წარდგენაა. ძალიან სამწუხაროა, რომ ევროკავშირზე თავდასხმა გრძელდება და მეტიც, იმატა კიდეც. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ არსად მივდივართ, ვრჩებით აქ. 2023 წლის დეკემბრიდან მოყოლებული ჩვენი კარი საქართველოსთვის ღიაა. საქართველო ფორმალურად ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა და საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რომ ამ ღია კარში გაიაროს. იმ ისტორიული მომენტის შემდეგ, რაც საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა, ჩვენ სამწუხაროდ სრულიად საწინააღმდეგოს ვხედავთ. იმის ნაცვლად, რომ საქართველო დაგვიახლოვდეს, საქართველო გვშორდება. ეს ძალიან სამწუხაროა. დიახ, ხდება პერსონალური თავდასხმა ჩემზე და ევროკავშირის სხვა ელჩებზეც, თუმცა ჩემი მხრიდან შემიძლია ვთქვა, რომ ამას პერსონალურად არ ვიღებ. მარტივად ვცდილობ, ჩემი საქმე რაც შეიძლება კარგად ვაკეთო“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.