პაველ ჰერჩინსკი - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღებაში უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის, მათ შორის, საქართველოსთვის
პაველ ჰერჩინსკი - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღებაში უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის, მათ შორის, საქართველოსთვის

სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა საკანონმდებლო და გადაწყვეტილების მიღების პროცესში უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის, მათ შორის, საქართველოსთვის, – ამის შესახებ  საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, „სწორედ ამიტომ, ცხრა ნაბიჯიდან ერთ-ერთი ნაბიჯი, ნომერი მეცხრე, სწორედ საუბრობს სამოქალაქო საზოგადოების მაქსიმალურად სრულ ჩართულობაზე საკანონმდებლო და გადაწყვეტილების მიღების პროცესში“.

„ჩვენ ნამდვილად გვიხარია, რომ საქართველოს ჰყავს ძალიან აქტიური სამოქალაქო საზოგადოება. არსებობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების უზარმაზარი მრავალფეროვნება, რომლებიც აქცენტს აკეთებენ სხვადასხვა საკითხზე. ჩვენი აზრით, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო საზოგადოების ეს ორგანიზაციები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი საკანონმდებლო და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მოძებნოს გზა, რათა მაქსიმალურად ჩართოს სამოქალაქო საზოგადოება.

გასულ წელს დისკუსიების ძალიან პოზიტიური პროცესი დაიწყო ხელისუფლებას, ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის. ჩვენ გვქონდა რამდენიმე შეხვედრა ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით, რომელიც დაკავშირებული იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმაზე. სამწუხაროდ, პლატფორმის შიდა განვითარების გამო, ზოგიერთმა დიდმა სამოქალაქო ორგანიზაციამ გადაწყვიტა, დაეტოვებინა პლატფორმა და ახლა საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, იპოვოს გზა, რომლითაც ყველა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია, პლატფორმა და ასევე ყველა სხვა, რომელმაც დატოვა პლატფორმა, ჩაერთვება და შეძლებს, მონაწილეობა მიიღოს საკანონმდებლო და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ეს არის რიგით მეცხრე ნაბიჯი და ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ სამოქალაქო საზოგადოება, ყველა მისი განსხვავებული ფერითა და ფერებში, მაქსიმალურად იქნება ჩართული როგორც გადაწყვეტილების მიღების, ასევე საკანონმდებლო პროცესში“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.