პაველ ჰერჩინსკი – ქვეყნები, რომლებიც საერთო წესებს იზიარებენ, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ მიდიან, დასანანია, რომ საქართველო მათ შორის არ არის, არ ვკარგავთ იმედს, რომ ეს დროებითია
გამოწვევებთან გამკლავებით ევროპა მხოლოდ ძლიერდება. ქვეყნები, რომლებიც საერთო წესებს იზიარებენ, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ და წინ მიდიან, დასანანია, რომ საქართველო მათ შორის არ არის, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ბათუმში, ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ჰერჩინსკიმ აღნიშნა, იმედს არ კარგავს, რომ ეს დროებითია.
„მოხარული ვარ, რომ ევროპის დღეს ისევ აქ, ბათუმში აღვნიშნავთ. Batumi ech Batumi – ბევრისთვის ცნობილი ეს პოლონური მელოდიაც ბათუმის სიდიადეს უმღერის. „შავი ზღვის მარგალიტი“ – ბათუმი არის ღია და მრავალფეროვანი ქალაქი, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა კულტურას, ტრადიციასა და გამოცდილებას. ვინ, თუ არა თქვენ, ყველაზე უკეთ იცით ტოლერანტობისა და ჰარმონიული თანაცხოვრების ფასი?!
ევროპის ძალაც არის მრავალფეროვნება და საერთო წესებზე თანხმობა. სწორედ საერთო წესების დაცვას მოაქვს ევროკავშირის წევრებისთვის მშვიდობა, კეთილდღეობა და განვითარება, უკვე თითქმის 80 წელია. მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით ევროპა მხოლოდ ძლიერდება. მეტიც, ევროკავშირი ფართოვდება. ქვეყნები, რომლებიც საერთო წესებს იზიარებენ, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ და წინ მიდიან. დასანანია, რომ საქართველო მათ შორის არ არის. ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ ეს დროებითია.
30 წელზე მეტია, ჩვენ ვდგავართ საქართველოს გვერდით, თქვენ გვერდით, როგორც მტკიცე და საიმედო პარტნიორი. ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ უცვლელია. ამავდროულად, უცვლელია ჩვენი წესებიც. ევროკავშირის გზაზე წინსვლა ეფუძნება დემოკრატიულ განვითარებას.
ახლა კი, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად, ისიამოვნეთ დღევანდელი დღით. ეს დღე გვახსენებს, რა გზა გავიარეთ აქამდე და რამდენს მივაღწიეთ ერთად. წინ, საქართველო, წინ!“ – განაცხადა ჰერჩინსკიმ, რომლის სიტყვით გამოსვლის ტექსტსაც ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.