პაველ ჰერჩინსკი - ევროკომისია მომავალ წელს შეაფასებს 12 რეკომენდაციის შესრულებას, საბოლოო გადაწყვეტილება კი მიიღება ერთხმად, თითები გადაჯვარედინებული მაქვს
პაველ ჰერჩინსკი - ევროკომისია მომავალ წელს შეაფასებს 12 რეკომენდაციის შესრულებას, საბოლოო გადაწყვეტილება კი მიიღება ერთხმად, თითები გადაჯვარედინებული მაქვს

სასამართლოს მიერ მიღებულ ცალკეულ გადაწყვეტილებებზე კომენტარს არ ვაკეთებთ. რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ პლურალისტული საზოგადოება, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და მედიათავისუფლება ევროკავშირის ძირითადი ღირებულებებია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, – „იქნება თუ არა მედიის თავისუფლება გადამწყვეტი რეკომენდაცია“, – ელჩი პასუხობს, რომ შეფასება დამოკიდებული იქნება დამსახურებაზე, საკანონმდებლო ნაბიჯებზე, იმაზე, როგორ ჩატარდება პროცესი. პაველ ჰერჩინსკის განმარტებით, პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური, კონსტრუქციული.

„ვფიქრობ, თქვენ არ უნდა განიხილოთ 12 რეკომენდაცია, როგორც პაკეტი. შეფასება იქნება დამსახურებაზე. ის დამოკიდებული იქნება საკანონმდებლო ნაბიჯებზე, იმაზე, თუ როგორ ჩატარდება პროცესი. პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური, კონსტრუქციული. ასევე, არსებითი იქნება განხორციელება. საქმე ეხება არა მხოლოდ შესაბამისი კანომდებლობის ქონას, არამედ მის სწორად შესრულებასაც. ჯერ დრო არის. ევროკომისია შეაფასებს 12 რეკომენდაციის შესრულებას მომავალ წელს და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება წევრი ქვეყნების მიერ ერთხმად, მომავალი წლის ბოლოს. ასე რომ, თითები გადაჯვარედინებული მაქვს ყველა ძალისხმევისთვის. ჯერ არის დრო და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს. ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ყველაფერს ვცდილობთ დასახმარებლად“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.