პაველ ჰერჩინსკი - ევროკავშირის კარი ასე ფართოდ ღია არასდროს ყოფილა, თითოეულ ქვეყანაზეა დამოკიდებული, რომ მაქსიმალურად გამოიყენოს ეს შესაძლებლობა წინსვლისთვის
პაველ ჰერჩინსკი - ევროკავშირის კარი ასე ფართოდ ღია არასდროს ყოფილა, თითოეულ ქვეყანაზეა დამოკიდებული, რომ მაქსიმალურად გამოიყენოს ეს შესაძლებლობა წინსვლისთვის

ევროკავშირის კარი ასე ფართოდ ღია არასდროს ყოფილა. თითოეულ ქვეყანაზეა დამოკიდებული, რომ მაქსიმალურად გამოიყენოს ეს შესაძლებლობა წინსვლისთვის, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება კიდევ ერთხელ მიულოცა.

„როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა საკუთარ გამოსვლაში 2023 წლის გაფართოების პაკეტის შესახებ საუბრისას აღნიშნა, გაფართოება ევროკავშირისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პოლიტიკაა. ჩვენი კავშირის საბოლოო სრულყოფა ისტორიის მოწოდებაა. ეს არის ევროკავშირის ბუნებრივი ჰორიზონტი. იმ ქვეყნების მოქალაქეები, რომელთაც სურთ გაწევრიანება, ევროპელები არიან, ისევე როგორც ისინი, ვინც უკვე არიან ევროკავშირში. ჩვენ, ყველამ ვიცით, რომ ერთმანეთთან გეოგრაფია, ისტორია და საერთო ღირებულებები გვაკავშირებს. მან, ასევე, განაცხადა, რომ გაფართოება არის უნიკალური შესაძლებლობა როგორც ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისთვის, ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენთვის, ევროკავშირში მყოფებისთვის. ეს არის მშვიდობისა და კეთილდღეობის მამოძრავებელი ძალა, რაც ჩვენს კავშირს ასეთ განსაკუთრებულს ხდის“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ელჩის განმარტებით, საქართველოს, ისევე როგორც გაფართოების პროცესში ჩართულ რეგიონის სხვა ქვეყნებს, ნამდვილად შეუძლია, ისწავლოს და გამოიყენოს დასავლეთ ბალკანეთის გამოცდილება.

„ძალიან მიხარია, რომ საქართველოს პარლამენტი უძღვება ამ პროცესს და მზადაა, დაეყრდნოს სხვა ქვეყნების გამოცდილებას, რომელიც ამჟამად იმავე პროცესს გადიან. მაგალითად, დასავლეთ ბალკანეთი, რომელმაც ეს პროცესი გაცილებით ადრე დაიწყო, აჩვენებს, რომ ევროკავშირის გაფართოება კვლავ აქტუალურია. საქართველოს, ისევე როგორც გაფართოების პროცესში ჩართულ რეგიონის სხვა ქვეყნებს, ნამდვილად შეუძლია, ისწავლოს და გამოიყენოს დასავლეთ ბალკანეთის გამოცდილება. ნება მომეცით, ყურადღება გავამახვილო დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირში ინტეგრაციის გამოცდილების შესაბამისობაზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან. არსებობს რამდენიმე რამ, რაც საქართველოს შეუძლია, ისწავლოს დასავლეთ ბალკანეთის გამოცდილებიდან. მოდით, გულწრფელი ვიყოთ – როგორც პოზიტიური, ასევე უარყოფითი. დასავლეთ ბალკანეთი ჩართულია გაფართოების პროცესში მას შემდეგ, რაც მონტენეგრომ მიმართა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის 2008 წელს. მისი წევრობის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო 2012 წელს. ეს გაძლევთ წარმოდგენას, რამდენ ხანს შეიძლება, გაგრძელდეს ეს პროცესი. კარგი ამბავი არის ის, რომ ამჟამად სრულიად განსხვავებული გეოპოლიტიკური კონტექსტია. ევროკავშირის კარი ასე ფართოდ ღია არასდროს ყოფილა. თითოეულ ქვეყანაზეა დამოკიდებული, რომ მაქსიმალურად გამოიყენოს ეს შესაძლებლობა წინსვლისთვის“, – აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ ევროინტეგრაციის საკითხებზე საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საპარლამენტო კონფერენციაზე.

ამასთან, პაველ ჰერჩინსკის თქმით, ყველა შემდგომი გაწევრიანების პროცესი წინა გამოცდილებაზეა დაფუძნებული.

„დასავლეთ ბალკანეთს უნდა მიეღო წინა გაფართოების გამოცდილება. 2004 წლის დიდი გაფართოება, ბულგარეთი და რუმინეთი 2007 წელს, ხორვატია 2013 წელს. ამ წლის ბოლოს ჩვენ აღვნიშნავთ 20 წელს მას შემდეგ, რაც ცენტრალური აღმოსავლეთ ევროპის 10 ქვეყანა, მათ შორის, ჩემი, შეუერთდა ევროკავშირს. მთავარი გაკვეთილი არის ის, რამდენად მნიშვნელოვანია ფოკუსირება საფუძვლებზე, კანონის უზენაესობაზე, დემოკრატიაზე, ფუნდამენტურ უფლებებზე, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. გაფართოების პროცესი მიზნად ისახავს იმის უზრუნველყოფას, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებამდე მისი პოლიტიკური ტრანსფორმაცია სტაბილურ დემოკრატიად, ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებების პატივისცემით, სრული და შეუქცევადია, რომ ახალი წევრი ქვეყანა შეიძლება იყოს ევროკავშირის სრული და კონსტრუქციული წევრი. ევროკავშირში ინტეგრაცია დაკავშირებულია რეგიონულ თანამშრომლობასთან. დასავლეთ ბალკანელებმა ეს გაიგეს და მუშაობენ ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით მათი ევროკავშირში ინტეგრაციის საუკეთესო შედეგისთვის. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, რომლებიც დღეს აქ არიან, წინ მიიწევენ მათი გულმოდგინე რეფორმებისა და ევროკომისიის რეკომენდაციების ფრთხილად შესრულების გამო. ამავე დროს, საქართველოს აქვს უპირატესობა დასავლეთ ბალკანეთთან შედარებით. საქართველოსთვის მომზადებული ასოცირების შეთანხმება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება უკვე მოიცავდა ყოვლისმომცველი რეფორმების პროცესს, რაც უმეტეს სფეროებს ფარავს. ასე რომ, როდესაც საქართველომ გაწევრიანების შესახებ განაცხადი გააკეთა, ის უკვე სრული სვლით მიემართებოდა ევროკავშირის ტექნიკურ ნორმებთან და სტანდარტებთან შესაბამისობისკენ. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან გაფორმებული სტაბილიზაციის და ასოცირების შეთანხმებები არ ყოფილა ისეთი შორს მიმავალი, როგორც საქართველოსთან გაფორმებული ასოცირების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები. საქართველოს აქვს ძალიან ძლიერი საჯარო ადმინისტრაცია, რაც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების უმეტესობაში ჯერაც აღმშენებლობის პროცესშია. ეს ნამდვილად უპირატესობაა, როდესაც საქმე ეხება ევროკავშირთან თანხვედრას, რადგანაც საქართველო შეძლებს რეფორმების დამტკიცებასა და ამოქმედებას“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ელჩის განმარტებით, ასევე, საქართველოში არსებობს სრული საზოგადოებრივი კონსენსუსი, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი.

„არსებობს ექსპერტთა დიდი ჯგუფი, რომლებსაც შეუძლიათ, დახმარება გაუწიონ ტექნიკურ რეფორმებს, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით, კერძოდ, იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ევროკავშირს ბოლო 20 წლის განმავლობაში შეუერთდნენ. როგორც ევროკავშირი, ჩვენ ყოველთვის ვთავაზობთ დახმარების უფრო ინოვაციურ ფორმებს, არა მხოლოდ დაფინანსებისა და ინვესტიციებისთვის, არამედ შესაძლებლობების განვითარებისთვის, რათა თქვენმა ქვეყნებმა იცოდნენ, როგორ დააკმაყოფილონ ევროკავშირის სტანდარტები. ეს არის მყარი საფუძველი რეფორმებისთვის, რომელთაგან ზოგიერთი ნამდვილად რთული იქნება. ყველა თქვენგანს შეუძლია, ისწავლოს წინა გამოცდილებიდან“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.