პაველ ჰერჩინსკი - დეზინფორმაცია და პროპაგანდა არის შხამი, რომელიც გამოიყენება მთელ მსოფლიოში, ასე რომ, საქართველო არ არის ერთადერთი ადგილი, სადაც ამ პრობლემებს ვაწყდებით
პაველ ჰერჩინსკი - დეზინფორმაცია და პროპაგანდა არის შხამი, რომელიც გამოიყენება მთელ მსოფლიოში, ასე რომ, საქართველო არ არის ერთადერთი ადგილი, სადაც ამ პრობლემებს ვაწყდებით

დეზინფორმაცია და პროპაგანდა არის შხამი, რომელიც გამოიყენება მთელ მსოფლიოში, ასე რომ, საქართველო არ არის ერთადერთი ადგილი, სადაც ამ პრობლემებს ვაწყდებით, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომელიც მედიაწიგნიერების შესახებ კონფერენციას ესწრება.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ ვმონაწილეობ ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაში, რომელიც მედიაწიგნიერებას ეხება. ასევე მოხარული ვარ, რომ ეს ღონისძიება ევროკავშირის მხარდაჭერით ტარდება. დეზინფორმაცია და პროპაგანდა არის შხამი, რომელიც გამოიყენება მთელ მსოფლიოში. ასე რომ, საქართველო არ არის ერთადერთი ადგილი, სადაც დეზინფორმაციას და პროპაგანდას ვაწყდებით. მედიაწიგნიერება არის საუკეთესო პასუხი პროპაგანდის გამოწვევაზე. სწორე ამიტომ, ნამდვილად მოხარული ვარ, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოში მედიაწიგნიერებას და მოხარული ვარ, რომ ამ ღონისძიების ნაწილი ვარ“,- განაცხადა ელჩმა.

„მედია, ინფორმაციული წიგნიერება და დეზინფორმაციის მიმართ მოსახლეობის მედეგობის გაძლიერების სხვა გზები“ – ამ სახელწოდებით მიმდინარეობს კონფერენცია, რომელსაც სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით მართავს. კონფერენციაზე ქვეყანაში მიმდინარე დეზინფორმაციულ გზავნილებზე, გამოწვევებსა და საპასუხო ზომებზე მსჯელობენ. ყურადღება გამახვილდება არასამთავრობო სექტორის მიდგომებზე დეზინფორმაციასთან ბრძოლაში. ღონისძიება მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში მიმდინარეობს.