პაველ ჰერჩინსკი - ჩვენი სურვილია, საქართველო შეუერთდეს ევროკავშირს, თუმცა ეს უნდა მოხდეს ძალიან მკაფიო კრიტერიუმების საფუძველზე, სამწუხაროდ, სტატუსის მინიჭების შემდეგ საქართველო არ უახლოვდება წევრობას
ჩვენი, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს სურვილია, საქართველო შეუერთდეს ევროკავშირს. ყველანი ველოდებით საქართველოს, თუმცა ეს უნდა მოხდეს ძალიან მკაფიო კრიტერიუმების საფუძველზე, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივასთან დაკავშირებით კითხვაზე პასუხისას განუცხადა.
ჰერჩინკის თქმით, სამწუხაროდ, კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ საქართველო არ უახლოვდება ევროკავშირის წევრობას, ის შორდება მას.
„ჩვენი, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს სურვილია, რომ საქართველო შეუერთდეს ევროკავშირს. საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა 2023 წლის დეკემბერში. ჩვენ, ყველანი ველოდებით საქართველოს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს უნდა მოხდეს ძალიან მკაფიო კრიტერიუმების საფუძველზე. ეს კრიტერიუმები ვრცელდება ყველა ქვეყანაზე, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ეს მოითხოვს ძალიან სერიოზულ რეფორმებს და, სამწუხაროდ, კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ საქართველო არ უახლოვდება ევროკავშირის წევრობას, ის შორდება მას. ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, თუ რა მომავალი სურს.
ჩვენ გვსურს, რომ საქართველო იყოს ერთ-ერთი ჩვენგანი. 27 წევრმა ქვეყანამ ერთხმად გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს შეუძლია, იყოს ერთ-ერთი ჩვენგანი. საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ჩვენ წინ მივიწევთ სხვა კანდიდატ ქვენებთან. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ გავხსნით მოლაპარაკებების პირველ თავებს უკრაინასა და მოლდოვასთან. თუმცა საქართველოს შემთხვევაში, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ ძალიან მკაფიო დემოკრატიულ უკუსვლას.
სულ უფრო მეტ საკანონმდებლო აქტებს ვხედავთ, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს, ჩვენს საერთო ღირებულებებს. ჩვენ ვხედავთ, რომ აქტივისტებს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს დევნიან, ავიწროებენ, აპატიმრებენ. ჩვენ ვხედავთ რომ ახალგაზრდებს, ვინც მონაწილეობდნენ დემონსტრაციაში, უსჯიან პატიმრობას. ეს აბსოლუტურად არაპროპორციულია. ჩვენ ვხედავთ, რომ გამოწვევის წინაშე დგას შემოწმებისა და ბალანსის სისტემა. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ყველა ეს ნეგატიური ტენდენცია შეიცვლება, რომ ღრმა პოლიტიკური კრიზისი გადაილახება და საქართველო დაუბრუნდება ევროკავშირის ინტეგრაციის გზას“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.