პაველ ფიშერი - ჩეხეთის სენატში საქართველოს ბევრი მეგობარი ჰყავს, მიდის მსჯელობა, როგორ გავხადოთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი უფრო აქტიური
პაველ ფიშერი - ჩეხეთის სენატში საქართველოს ბევრი მეგობარი ჰყავს, მიდის მსჯელობა, როგორ გავხადოთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი უფრო აქტიური

ჩეხეთის სენატში საქართველოს ბევრი კარგი მეგობარი ჰყავს და მიდის მსჯელობა, როგორ გავხადოთ საქართველოს გაწევრიანების პროცესი უფრო აქტიური, – ამის შესახებ ჩეხეთის სენატის საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, პაველ ფიშერმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ სესიაზე „პარტნიორობის 10 წელი, პირველი ნაბიჯები ევროპულ გზაზე“ განაცხადა.

პაველ ფიშერის თქმით, არის შესაძლებლობა, რომ საქართველოსთან სექტორული თანამშრომლობა გაძლიერდეს. მისივე განმარტებით, უნდა შეიქმნას სივრცე, რომელიც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კუთხით წინ მოძრაობის შესაძლებლობას მისცემს.

„უნდა ითქვას, რომ ევროსაბჭოში რუსეთის დაბრუნებით, ჩვენი სოლიდარობა ჩავარდა. რუსეთის დაბრუნება დიდი შეცდომა იყო. ამას ეწინააღმდეგებოდა საქართველო, უკრაინა და კიდევ არაერთი ქვეყანა. ღიად უნდა ითქვას, რომ ამჟამად ჩვენ არ ვართ მზად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. მაგრამ არის შესაძლებლობა, გაძლიერდეს საქართველოსთან სექტორული თანამშრომლობა. უნდა შეიქმნას სივრცე, რომელიც საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, იმოძრაოს წინ. ჩვენ მზად ვართ, ხელი შევუწყოთ საქართველოს ევროპისკენ სვლაში“, – განაცხადა ჩეხეთის სენატის საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ.