„პატრიოტთა ალიანსს“ შესაძლოა, ცესკო-ში საკუთარი ადგილის გადაცემა „ევროპელი სოციალისტებისთვის“ მოუწიოს
„პატრიოტთა ალიანსს“ შესაძლოა, ცესკო-ში საკუთარი ადგილის გადაცემა „ევროპელი სოციალისტებისთვის“ მოუწიოს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში „პატრიოტთა ალიანსის“ კვოტა შესაძლოა, „ევროპელ სოციალისტებს“ გადაეცეს.

შესაბამისი ჩანაწერი გაკეთებულია საარჩევნო რეფორმის გარდამავალ დებულებაში.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ პარტიის სიით გასულმა პარლამენტის ყველა წევრმა, რომელიც ახორციელებს დეპუტატის უფლებამოსილებას, ამ კანონის ამოქმედებისას არსებული მდგომარეობით, დატოვა პარტია და ყველა ერთად გაწევრიანდა სხვა პარტიაში, მაშინ ცესკო-ს ერთი წევრის დანიშვნის უფლება გადადის ამ პარტიაზე.

„პატრიოტთა ალიანსმა“ საპარლამენტო არჩევნების გაყალბების მოტივით, მეათე მოწვევის პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა და სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა მოითხოვა. იანვარში, პარლამენტის მიერ პარტიის ლიდერებს სადეპუტატო მანდატი შეუჩერდათ. მათ ნაცვლად პარლამენტში ფრიდონ ინჯია, დავით ზილფიმიანი, გელა მიქაძე და ავთანდილ ენუქიძე შევიდნენ, რომელთაც პარტია „ევროპელი სოციალისტები“ შექმნეს.