„პატრიოტთა ალიანსი“ საპარლამენტო რეზოლუციის კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს
„პატრიოტთა ალიანსი“ საპარლამენტო რეზოლუციის კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს

ამ დოკუმენტმა შესაძლებელია დიალოგის სივრცე ისევ დახუროს, – ამის შესახებ ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ადა მარშანიამ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, „პატრიოტთა ალიანსი“ არ ეთანხმება არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებულ რეზოლუციის პროექტში არსებულ ფორმულირებებს და კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს.

„ჩვენი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, ქვეყნის გამთლიანების საკითხში, რომელიც უკვე არაერთი ათეული წელი გრძელდება და საუბედუროდ, ჯერჯერობით მხოლოდ უარესდება. ჩვენ მაინც არ ვაკეთებთ სამწუხაროდ დასკვნებს. დღეს ეს რეზოლუცია არის მკაფიო დასტური ამისა. რეზოლუცია აღსავსეა ფორმულირებებით, შეგნებულად არ დავაკონკრეტებ, რომელმაც შეიძლება მოკლას გაჩენილი პირდაპირი დიალოგის პერსპექტივა ჩანასახშივე. ეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა და თქვენი გუნდის წევრმა თავისი ცნობილი განცხადება, რომელიც მან გააკეთა რამდენიმე დღის წინ, ჩვენი თვალსაზრისით, ეს განცხადება მკაფიო, სწორი და ნათელი გარღვევაა ჩვენს ძალიან დაბინდულ პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ აზროვნებაში. პრემიერმა თავისი განცხადებით შექმნა დიალოგის პერსპექტივა, რომელიც იყო მხარდაჭერილი ყველა საერთაშორისო მაღალი ავტორიტეტის ინსტიტუციის მიერ. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ წლების განმავლობაში ამაზე ვსაუბრობდით. ანუ პირველად საკმაო წლების განმავლობაში, იქმნება დიალოგის რეჟიმზე გადასვლის პერსპექტივა. ამ დოკუმენტმა კი შესაძლებელია დიალოგის სივრცე ისევ დახუროს. მიგვაჩნია, რომ ჩვენი საშუალებები პოზიტიური შედეგებისა მწირია, შეიძლება ითქვას, რომ არც გაგვაჩნია ასეთი და ძირითადი აქცენტი დიალოგზე უნდა გავაკეთოთ. ამავდროულად, შეგახსენებთ, რომ ფრაქციის წევრები ცდილობენ პირდაპირი დიალოგის აგებას სოხუმთან, ცხინვალთან, მოსკოვთან. აქედან გამომდინარე გვინდა რა, ზიანი არ მივაყენოთ ამ პროცესს, რომელსაც ასე ვუფრთხილდებით, გადავწყვიტეთ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მივიღოთ. და ბოლოს, გაუგებარია, შეურაცხმყოფელია, ქვეყნისთვის დამანგრეველია ის ფაქტი, როდესაც აგვისტოს ომის კატასტროფის ერთ-ერთი მთავარი პირნი და შემოქმედნი ​არანაირად, არც სამართლებრივად, არც მორალურად არიან დასჯილნი. მეტიც, აქ გვისხედან პარლამენტში და მათ პარლამენტარები ჰქვიათ“, – განაცხადა ადა მარშანიამ.