„პატრიოტთა ალიანსი“ პარლამენტს ახალ საარჩევნო კანონპროექტს სთავაზობს
„პატრიოტთა ალიანსი“ პარლამენტს ახალ საარჩევნო კანონპროექტს სთავაზობს

„პატრიოტთა ალიანსი“ საქართველოს პარლამენტს ახალ საარჩევნო კანონპროექტს სთავაზობს. როგორც ვიცე-სპიკერმა, ირმა ინაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ხვალ პარლამენტში შეიტანს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, 0,67 პროცენტიანი ბუნებრივი ბარიერი შეიცვლება ბუნებრივი ბარიერით – 0,7% .

ამასთან, მისივე თქმით, პარტია აქციების რეჟიმში გადადის. პირველი აქცია კვირას, 17 ნოემბერს, 17:00 საათზე თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება.

„აქციების პირველი და მთავარი მოთხოვნა იქნება, „ქართულმა ოცნებამ“ დატოვოს ხელისუფლება. თუკი გაიაზრებენ, რა მნიშვნელობა აქვს ჩვენს მიერ შეთავაზებულ წინადადებას, ეძლევათ შანსი, დაჩქარებული წესით მიიღონ ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივა. ამავდროულად, დაწყებულია აზრთა მიმოცვლა პოლიტიკურ სპექტრში. მოგეხსენებათ, ყველა პარტია გადასულია საპროტესტო რეჟიმში. უნდა ჩამოვყალიბდეთ ერთიან სქემაზე, ეს სქემა უნდა იყოს მისაღები მთელი პოლიტიკური სპექტრისა და საზოგადოებისთვის. ჩვენი მოთხოვნა არის აბსოლუტურად ლეგიტიმური, სამართლიანი. ჩვენ ვითხოვთ სამართლიან არჩევნებს. დღევანდელი გადაწყვეტილებით „ქართულმა ოცნებამ“ წაართვა ქართველ ხალხს სამართლიანი არჩევნების უფლება, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ“,-აღნიშნა ინაშვილმა.

მისივე თქმით, მაჟორიტარული სიტემა ხელისუფლებისთვის ყოველთვის იყო არჩევნების გაყალბების შესაძლებლობა.

„გამონაკლისი არ არის არც „ქართული ოცნება“. ის შვიდი წელია, ატყუებს ხალხს და ჰპირდება, რომ გააუქმებს მაჟორიტარულ ოლქებს. დღევანდელი კენჭისყრა ამ ტყუილის ხილული მაგალითია“, – განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა და აღნიშნა, რომ პირადად მას ორჯერ წაართვეს მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვება.

დატოვე კომენტარი