„პატრიოტთა ალიანსი“ ნინო ლომჯარიას კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს
„პატრიოტთა ალიანსი“ ნინო ლომჯარიას კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსი“ სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარდგენილ ნინო ლომჯარიას კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს.

როგორც ჟურნალისტებს ინაშვილმა განუცხადა, „პატრიოტებს“ სახალხო დამცველის პოსტზე გიორგი ფოფხაძის კანდიდატურა ჰყავს წარდგენილი.

„ეს ადამიანი არის ცნობილი ჟურნალისტი, რომელიც წლების მანძილზე ევროპაში მოღვაწეობს და ასევე გახლავთ ადამიანის უფლებათა დამცველი. გიორგი ფოფხაძემ პატიმართა წამების ამსახველი კადრების გავრცელებაში სერიოზული წვლილი შეიტანა. ეს არის ადამიანი, რომელიც ყველა მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობდა, რასაც საქართველოში ბოლო 25 წლის მანძილზე ადგილი ჰქონდა. ვთვლით, რომ ჩვენი კანდიდატი ღირსეულია და ნებისმიერ კანდიდატს კონკურენციას თავისუფლად გაუწევს. აქედან გამომდინარე, ჩვენი კანდიდატის გამარჯვებისთვის ვიღვწით და მხარს ლომჯარიას არ ვუჭერთ“, – დასძენს ინაშვილი.

მმართველმა გუნდმა ომბუდსმენის თანამდებობაზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურა წარადგინა, რომელსაც პოსტზე დანიშვნითვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.