„პატრიოტთა ალიანსი“ მოსკოვში, დუმის დეპუტატებთან შეხვედრებს გამართავს
„პატრიოტთა ალიანსი“ მოსკოვში, დუმის დეპუტატებთან შეხვედრებს გამართავს

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი გიორგი ლომია მოსკოვში გაემგზავრა. როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა, პარტიის წევრები შეხვედრებს გამართავენ როგორც რუსეთის დუმაში, ასევე ფედერაციის საბჭოში.

ლომიას თქმით, ის აპირებს, რუს დეპუტატებთან არჩილ ტატუნაშვილის საკითხი დააყენოს. მისივე ინფორმაციით, აღნიშნული საკითხზე ის არაოფიციალურ შეხვედრაზე რუსულ მხარეს უკვე ესაუბრა.

„ჩვენ შევხვდებით კალაშნიკოვის კომიტეტს. ძველი შემადგენლობიდან იქნებიან დეპუტატები და რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, ახალი დეპუტატების ჯგუფიც დაემატება ამ შეხვედრას. საკითხები უცვლელია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ჰუმანიტარული საკითხები. ტატუნაშვილის საკითხს აუცილებლად დავაყენებთ.

წინა შეხვედრაზე კულუარულად მქონდა საუბარი ამ თემაზე და მათ კითხვა დამისვეს, ლოგიკურად რამდენად ფიქრობთ თქვენ, რომ ჩვენ ეს გვაწყობდა საპრეზიდენტო არჩევნების წინო. მე ვუთხარი, ლოგიკურად თქვენ არ გაწყობდათ გასაგებია, მაგრამ თქვენ გეკისრებათ პასუხისმგებლობა ამ ინციდენტთან დაკავშირებით.

გვაინტერესებს, დაიწყო თუ არა გამოძიება ტატუნაშვილის საქმეზე. ახლა უკვე ამ საკითხებზე ჩვენ ოფიციალურად ვისაუბრებთ და ალბათ პასუხსაც მივიღებთ”,- განაცხადა ლომიამ.

კითხვაზე, რა მოლოდინები აქვთ რუსეთში გამგზავრების შედეგად, ლომიას პასუხი ასეთია:

„გამიჭირდება იმის თქმა ერთი ნაბიჯით წაიწევს თუ არა წინ ურთიერთობა. რთული პერიოდი გავიარეთ და ურთიერთობა, რომელიც პრინციპში ავაწყეთ, აღმოჩნდა საფრთხის წინაშე, ვინაიდან ტატუნაშვილის ინციდენტმა სერიოზულად დააზიანა ის ურთიერთობა, რომელიც ჩვენ ორ ვიზიტის შედეგად დავალაგეთ”, – განაცხადა ლომიამ.

„პატრიოტთა ალიანსის“ სამი წევრი, დავით თარხან მოურავი, ნატო ჩხეიძე და ადა მარშანია მოსკოვში გუშინ გაემგზავრნენ. ქართველი დეპუტატები მოსკოვში შეხვედრებს უკვე მესამედ მართავენ.