„პატრიოტთა ალიანსი“ არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცესის რამდენიმე საათით გახანგრძლივებას ითხოვს
„პატრიოტთა ალიანსი“ არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცესის რამდენიმე საათით გახანგრძლივებას ითხოვს

„პატრიოტთა ალიანსი“ არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცესის რამდენიმე საათით გახანგრძლივებას ითხოვს. მიზეზად, საარჩევნო უბნებთან რიგებს ასახელებენ და ფიქრობენ, რომ კოვიდრეგულირების მოთხოვნების გათვალისწინებით, პროცესი რთული სამართავი იქნება, რაც დამატებით დროს მოითხოვს, შესაბამისად კი, როგორც პარტიაში აცხადებენ, მოქალაქეთა ნაწილი ვერ შეძლებს კონსტიტუციით მინიჭებული უფლების გამოყენებას.

„მომატებული საფრთხის ფონზე, ხელისუფლება ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლები ამომრჩეველი გამოცხადდეს არჩევნებზე. ამით საფრთხე ექმნება ევროპული კონვენციითა და საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ერთ-ერთ უმთავრეს – ხმის თავისუფალი მიცემის უფლებას. ეს ასევე თანაბარია და თანასწორია გამოხატვის თავისუფლებასთან. ყველა რეალურად ჩატარებული რეიტინგი აჩვენებს, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ აქვს სახელისუფლო რეიტინგი. ხელისუფლება ცდილობს, რომ ჩვენი ამომრჩეველი დარჩეს სახლში და ვერ მოასწროს არჩევნებზე გამოცხადება.

ჩვენ შევდივართ საკანონმდებლო ინიციატივით საქართველოს პარლამენტში და ვითხოვთ, რომ რამდენიმე საათით გახანგრძლივდეს ხმის მიცემის უფლება. ჩვენ ამ დოკუმენტაციას გადავცემთ „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტაციას, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა, კახა ძაგანიამ.

მისივე თქმით, პარტია შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტს დღეს მიმართავს და მოითხოვს, აღნიშნული დაჩქარებული წესით განიხილონ.