პატრიკ ტანი – საქართველოს გააზრებული მიდგომა ციფრული აქტივების რეგულირების მიმართულებით ქვეყანას ფინანსური ინოვაციების განვითარების ხელსაყრელ პოზიციაში აყენებს

15:22, 28.10.2026

საქართველოს გაუმართლა, რომ იმყოფება აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაჯვარედინზე. ეს წარმოუდგენელ გეოგრაფიულ უპირატესობას ანიჭებს ქვეყანას გლობალური საბანკო სექტორის შესაძლებლობების გამოყენების თვალსაზრისით. ამასთან, საქართველოს აქვს ძლიერი და მდგრადი საბანკო სექტორი, სტაბილური ვალუტა და პროგრესული, მომავალზე ორიენტირებული ეროვნული ბანკი, რომელიც ქვეყანაში მეწარმეებსა და ინოვატორებს უჭერს მხარს, – განაცხადა სინგაპურში დაფუძნებული ბლოკჩეინ ანალიტიკური კომპანიის, ChainArgos-ის გენერალურმა მრჩეველმა პატრიკ ტანმა, „თბილისის ფინანსური სამიტის“ ფარგლებში.

პატრიკ ტანის შეფასებით, საქართველო ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სტრატეგიული დერეფნის ნაწილია, რაც ქვეყანას კაპიტალის, ადამიანური რესურსებისა და ინვესტიციების მოზიდვის, ასევე ფინანსური და ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელოვან პოტენციალს უქმნის.

„საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა, მდგრადი საბანკო სექტორი და ციფრული აქტივების რეგულირების მიმართულებით გააზრებული მიდგომა ქვეყანას საერთაშორისო ფინანსურ სივრცეში მნიშვნელოვანი შესაძლებლობების გამოყენების საშუალებას აძლევს“, – აღნიშნა პატრიკ ტანმა.

ChainArgos-ის გენერალურმა მრჩეველმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მიდგომას ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების რეგულირების საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავების პროცესში. მისი შეფასებით, ქვეყანამ შეძლო სხვა სახელმწიფოების გამოცდილების გათვალისწინება და ციფრული აქტივების რეგულირების მიმართულებით თანმიმდევრული და გააზრებული მიდგომის არჩევა.

„ხშირად ვხედავთ ქვეყნებს, რომლებიც ჩქარობენ ციფრული აქტივების, ვირტუალური აქტივებისა და სტეიბლკოინების რეგულირებას, თუმცა ამ პროცესში ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებებს არ იღებენ. საქართველოს შემთხვევაში დავინახეთ მტკიცე და გააზრებული ინიციატივა, რომ პროცესი თავიდანვე სწორად წარმართულიყო, ვიდრე მის მასშტაბურ დანერგვას დაიწყებდნენ“, – განაცხადა მან.

პატრიკ ტანის შეფასებით, აღნიშნული მიდგომა საქართველოს ხელსაყრელ პოზიციაში აყენებს ხელოვნური ინტელექტისა და ავტონომიური გადახდების განვითარების მიმართულებითაც. მისი თქმით, გლობალურ ქსელში გადახდების სულ უფრო მეტად გაციფრულებისა და ავტონომიურობის ზრდასთან ერთად, საქართველოს შეუძლია ამ პროცესების აქტიური მონაწილე გახდეს.

ChainArgos-ი სინგაპურში დაფუძნებული კერძო კომპანიაა, რომლის პლატფორმა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, გამოიკვლიონ და აკონტროლონ კრიპტოაქტივების მოძრაობა ბლოკჩეინქსელებში, გააანალიზონ ტრანზაქციები და გამოავლინონ საეჭვო ფინანსური ნაკადები.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი