პატრიარქმა საქართველოში ვიზიტით მყოფ კვიპროსის პრეზიდენტს უმასპინძლა [ფოტო]
პატრიარქმა საქართველოში ვიზიტით მყოფ კვიპროსის პრეზიდენტს უმასპინძლა [ფოტო]

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ და მღვდელმთავრებმა კვიპროსის პრეზიდენტს, ნიკოს ანასტასიადისს, მის მეუღლეს, ანდრი მუსტაკუდისსა და მათ თანმხლებ პირებს უმასპინძლეს.

მიღებას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კვიპროსში რევაზ ლომინაძეც ესწრებოდნენ.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო კვიპროსსა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობას, რომელიც საუკუნეებს ითვლის და, რომლის ნათელი დადასტურებაცაა თამარ მეფის მიერ კვიპროსში აგებული ღალიის მონასტერი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ კვიპროსის პრეზიდენტსა და მთავარეპისკოპოს ქრიზოსტომოს II-ს ღალიის მონასტერთან დამატებით მიწის ნაკვეთის გადაცემისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ იქ ქართული მონასტერი მალე აშენდება.

„კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა ისიც, რომ საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია და კვიპროსის მსგავსად, დარღვეულია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობაც. მისმა უწმინდესობამ პრეზიდენტს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ჩვენი ქვეყნები მშვიდობიანი გზით აღიდგენენ მთლიანობას“, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, ნიკოს ანასტასიადისმა პატრიარქს კვიპროსის მთავარეპისკოპოსის მოკითხვა გადასცა და აღნიშნა, რომ კვიპროსი მომავალშიც საქართველოს აქტიური მხარდამჭერი იქნება.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რევაზ ლომინაძემ კვიპროსში მცხოვრები ქართველების შესახებ ისაუბრა და მადლიერებით აღნიშნა პრეზიდენტისა და კვიპროსის მთავრობის მეგობრული დამოკიდებულება ქართველი ემიგრანტების მიმართ.

„აღსანიშნავია, რომ ნიკოს ანსტასიადისი კვიპროსის პირველი პრეზიდენტია, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა; ვფიქრობთ, მისი ვიზიტი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების შემდგომ დაახლოებას და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას“, – აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კვიპროსის პრეზიდენტს და მის მეუღლეს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა, დალოცა და წარმატებები უსურვა.