პატრიარქი - ტაძარი არის განსაკუთრებული ადგილი ღვთის მყოფობისა, ქრისტეს ეკლესია კი, სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად, ქრისტეს მისტიური სხეულია
პატრიარქი - ტაძარი არის განსაკუთრებული ადგილი ღვთის მყოფობისა, ქრისტეს ეკლესია კი, სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად, ქრისტეს მისტიური სხეულია

ტაძარი როგორც ძველ, ისე ახალ აღთქმაში, არის განსაკუთრებული ადგილი ღვთის მყოფობისა, ღვთის მეუფების ქადაგებისა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი.

პატრიარქი აღნიშნავს, რომ ქრისტეს ეკლესია კი, სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად, ქრისტეს მისტიური სხეულია; ეს ერთი მთლიანობაა, რომლის თავიც თვით უფალია.

„აქ აღსრულებული ყოველი ჟამისწირვა არის წარმოჩენა მაცხოვრის ამქვეყნად შობისა და ცხოვრებისა, ჯვარცმისა და აღდგომისა, ამაღლებისა და მეორედ მოსვლისა; უსისხლოდ ძღვნის შემწირველ მოძღვრებთან ერთად მრევლიც ყოველ ლიტურგიაზე ამ მოვლენების თანაზიარი ხდება და ღმერთთან მიახლების საშუალება ეძლევა, განსაკუთრებით კი, წმინდა ზიარებით. ჩვენი გონებისთვის მიუწვდომელი ეს უდიდესი საიდუმლო თვით მაცხოვარმა დაგვიდგინა ვნების ხუთშაბათს“, – აღნიშნულია ეპისტოლეში.

ილია მეორე ეპისტოლეში ზიარებისა და აღსარების მნიშვნელობას უსვამს ხაზს. კათოლიკოს-პატრიარქი ამბობს, რომ წმინდა ზიარება ზეციური საკვებია.

„წმინდა ზიარება არის ზეციური საკვები, არა წარმოსახვითი ან სიმბოლური, არამედ ჭეშმარიტი ხორცი და სისხლი ქრისტესი, რომელიც მოგვეცა ჩვენი სულისა და ხორცის განსაკურნებლად. მისი უღირსად მიმღებნი სასჯელს განიკუთვნებენ, ხოლო გულწრფელად მონანულნი და სასულიერო პირის წინაშე თავის უძლურებათა დაუფარავად მაღიარებელნი აღივსებიან მადლით, რომელიც უჩვეულოდ ზრდის ჩვენს შინაგან სამყაროს, ჩვენს გულსა და გონებას და შეეწევა ფიზიკურ ძალებს. მისი წინა სახე ძველ აღთქმაში იყო ზეციური მანანა. როგორც ცნობილია, იგი ებრაელთა ერს, ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ, რწმენაში განსამტკიცებლად ღვთისგან საკვებად ყოველდღიურად ეძლეოდა; რომ არ ყოფილიყო ზეციური მანანა, 40 წლის მანძილზე ყამირ და მოუსავლიან გზებზე მავალი ამდენი ხალხი ფიზიკურად ვერ გადარჩებოდა“, – ნათქვამია ეპისტოლეში.

პატრიარქის თქმით, აღსარებისა და წმინდა ზიარების გარეშე, ადამიანი ცათა სასუფეველს ვერ მიაღწევს.

„როგორც მანანას გარეშე რჩეული ერი წმინდა მიწამდე ვერ მიაღწევდა და იქ ვერ დაემკვიდრებოდა, ასევე აღსარებისა და წმინდა ზიარების გარეშე, ადამიანი ცათა სასუფეველს ვერ მიაღწევს და ვერ დაიმკვიდრებს, რადგან ცოდვასა და სიკვდილს მარტო ვერ სძლევს და ვერც მარადიული სიცოცხლის ნეტარებით აღივსება“, – ნათქვამია ეპისტოლეში.