პატიმრობაში მყოფმა კლინიკა “ლანცეტის“ ფინანსურმა მენეჯერმა შიმშილობა დაიწყო  
პატიმრობაში მყოფმა კლინიკა “ლანცეტის“ ფინანსურმა მენეჯერმა შიმშილობა დაიწყო  

კლინიკა “ლანცეტის“ ფინანსურმა მენეჯერმა, მსჯავრდებულმა ფარმან ჯეირანლიმ პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობა დაიწყო, – ამის შესახებ პირველ არხს მსჯავრდებულის ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ფარმან ჯეირანლი  გამამტყუნებელ განაჩენს აპროტესტებს, რომელიც 8 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მაია ქოქიაშვილმა გამოიტანა. მსჯავრდებული ფიქრობს, რომ აღნიშნულ განაჩენს სამართლებრივი საფუძვლები არ გააჩნია.

ფარმან ჯეირანლი მიიჩნევს, რომ მისი დაკავება და გამამტყუნებელი განაჩენი თავიდან ბოლომდე, ილჰამ ალიევის შეკვეთის შესრულებაა. საქართველოს ხელისუფლება კი, თავს ვალდებულად თვლის, რომ ისევე, როგორც აფგან მუხთარლის შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღოს აზერბაიჯანში ოპოზიციონერებად მიჩნეული პირების დევნაში“, – განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა, რომელიც გამამტყუნებელ განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

ფარმან ჯეირანლის სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში ედება ბრალი, რაც თაღლითობას გულისხმობს. მას ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.საქმეში დაზარალებულად ორი ოჯახია ცნობილი, რომელთა ახლობლები კლინიკა “ლანცეტში“ ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციის შემდეგ დაიღუპნენ. საუბარია კლინიკაში არალიცენზირებული ოპერაციების  ჩატარებაზე.