პატიმრები, რომლებმაც ბათუმის ციხეში თვითდაზიანებები მიიღეს, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა
პატიმრები, რომლებმაც ბათუმის ციხეში თვითდაზიანებები მიიღეს, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა

პატიმრები, რომლებმაც ბათუმის ციხეში თვითდაზიანებები მიიღეს, დღეს საღამოს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა გიორგი ჩარკვიანმა მოინახულა.

ჩარკვიანის განცხადებით, ის სამივე პატიმარს შეხვდა და ფაქტს სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის.

„შევხვდი სამივე პატიმარს, ისინი დეისკალაციის კამერებში ცალ-ცალკე იმყოფებიან, ორს თვითდაზიანება ხელზე ნემსითა და ძაფით აქვს მიყენებული, ერთს კი, ლითონის მავთულით ხელსა და ყელზე. პროტესტის მიზეზად პატიმრები გაუსაძლის პირობებს და ციხის ადმინისტრაციის მხრიდან ზეწოლას ასახელებენ. სახალხო დამცველის აპარატი საკითხს შეისწავლის,” – განაცხადა გიორგი ჩარკვიანმა.

თვითდაზიანების შესახებ დღეს ინფორმაცია ადვოკატმა გაავრცელა. გაუსაძლის პირობებსა და ადმინისტრაციისგან ზეწოლაზე სხვა პატიმრებიც საუბრობენ, რომლებმაც ციხიდან წერილი გამოგზავნეს.

სპეციალურმა პენიტენციალურმა სამსახურმა დღეს პატიმრების თვითდაზიანებებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და ბრალდებები უსაფუძვლოდ მიიჩნია.

„პატიმრებს პროტესტის მიზეზი არ გააჩნიათ და მათ ყველა შესაბამისი პირობა აქვთ შექმნილი”, – აცხადებენ უწყებაში.