პატარა ფრანგულ დასახლებაში კოღოებს ფრენა აეკრძალათ

15:31, 05.09.2026
კოღო ხელზე (საილუსტრაციო ფოტო)

კოღო ხელზე (საილუსტრაციო ფოტო)

სენ-ჟუსტ-სენ-რამბერის მერმა ეს ბრძანებულება ადგილობრივი მოსახლეობის მრავალრიცხოვანი საჩივრების შემდეგ, 1 სექტემბერს გამოსცა.

 

ვერაფერს იტყვი – ნამდვილად რადიკალური გადაწყვეტილება, თუმცა მისი აღსრულების საკითხი ჯერ კიდევ დასახვეწია. ლუარის დეპარტამენტის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის მერმა გამოსცა ბრძანებულება, რომლითაც ვეფხვისებრ კოღოებს (tiger mosquitoes) მისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფრენა აეკრძალათ „იმ საბაბით, რომ დაბალ სიმაღლეზე მათი ხშირი, წრიული ფრენები და ნაკბენები მოსახლეობის გაღიზიანებასა და აღშფოთებას იწვევს“.

სენ-ჟუსტ-სენ-რამბერის მერის მიერ ხელმოწერილ, 1 სექტემბრით დათარიღებულ დოკუმენტში, რომელიც ტელეკომპანია TL7 Loire-მ გაასაჯაროა, სრული სერიოზულობითაა აღნიშნული, რომ „ნებისმიერი ვეფხვისებრი კოღო, რომელიც ამ ბრძანებულებას არ დაემორჩილება, სამართლებრივი დევნის რისკის ქვეშ აღმოჩნდება“. „ეს თემა, ერთდროულად, სერიოზულიც არის და უმნიშვნელოც, რადგან ამ პატარა არსებებს შეუძლიათ, ჩვენი ცხოვრება კოშმარად აქციონ“, – დასძინა ოლივიე ჟოლიმ, რომელიც 15 000-იანი დასახლების თავკაცია. „შვებულებიდან რომ დავბრუნდი, თანამოქალაქეები მოვიდნენ ჩემთან და შემომჩივლეს, გარეთ, ქუჩაში ერთი ჭიქა სასმელის დალევასაც კი ვეღარ ვახერხებთო. ამიტომ, საჭირო გახდა საზოგადოების მობილიზება შესაბამისი ზომების გასატარებლად“, – განუმარტა მან სააგენტო „ფრანს პრესს“.

„ჯერ არცერთი კოღო არ დაუკავებიათ და არ დაუჯარიმებიათ“

მერიის განცხადებით, ამ დროისთვის უკვე 45 000 ევრო გამოიყო კოღოების დასაჭერი ხაფანგების, ღამურებისა და წივწივებისთვის განკუთვნილი ბუდეების და მერცხლების დასაჯდომი მოწყობილობების შესაძენად – ეს ფრინველები კოღოებს დიდი რაოდენობით ანადგურებენ. გარდა ამისა, თავის ბრძანებულებაში ქალაქის საბჭო მოუწოდებს მოსახლეობას, დაცალონ ვედროებში, ქოთნის სადგამებსა და ძველ საბურავებში დაგუბებული წყალი, გაწმინდონ წყალსაწრეტი მილები და სადრენაჟო სისტემები, ასევე დამუშავონ გუბეები და ტბორები. ამ ეტაპზე „არცერთი კოღო არ დაუკავებიათ და არ დაუჯარიმებიათ“, – ხუმრობს სენ-ჟუსტ-სენ-რამბერის მერი.

გლობალური დათბობის შედეგად, ვეფხვისებრი კოღო, რომელიც ოდესღაც მხოლოდ ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებში გვხვდებოდა და კონტინენტურ საფრანგეთში პირველად 2004 წელს დაფიქსირდა, პოზიციებს თანდათან იმყარებს. საფრანგეთის განვითარების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის (IRD), CIRAD-ისა და აბდუს სალამის თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევების თანახმად, 2085 წლისთვის ის, სავარაუდოდ, მთიანი რეგიონების გამოკლებით, თითქმის მთელ ქვეყანაში გავრცელდება, ხოლო დენგეს ცხელება, რომელიც კოღოს ნაკბენით გადადის, ასევე შეიძლება ქვეყნის მნიშვნელოვან ნაწილს შეეხოს.

სტატიის ავტორები: საფრანგეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო პლატფორმა „ფრანს ინფო“ (France Info) და „რადიო ფრანსე“( Radio France)

ფოტოს ავტორი: პატრიკ  ლეფევრი, ფოტოსააგენტო MAXPPP-ი

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 4 სექტემბერი, 2026 წელი, 08:55 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი