პასკალ მენიე - „თიბისი ბანკის“ გარშემო რაც ხდება, გავლენას ახდენს ანაკლიის პროექტზე
პასკალ მენიე - „თიბისი ბანკის“ გარშემო რაც ხდება, გავლენას ახდენს ანაკლიის პროექტზე

„თიბისი ბანკის“ საქმე არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ყურადღებით ვაკვირდებით, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, პასკალ მენიემ განაცხადა.

„ეს ბანკი და მისი მენეჯერები საფონდო ბირჟაზე კარგი რეპუტაციით სარგებლობენ. მრავალი კომპანია და ფინანსური ინსტიტუტი მუშაობს მათთან ერთად. მათ შორის, „იბიარდი“. ორი ფაქტორი უნდა გამოვყოთ, პირველი – საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მისი როლი უნდა შეასრულოს. თუ ხალხი არ ენდობა ბანკის სადამკვირვებლო ინსტიტუტებს, ისინი ვერ იგრძნობენ თავს უსაფრთხოდ, როცა ბანკში ფულს განათავსებენ. ჩვენ ვიცით, რომ საბანკო ტრანსფერები უსაფრთხოა და ამას რეკომენდაციას ვუწევთ“, – განაცხადა პასკალ მენიემ.

მისივე თქმით, რჩება შთაბეჭდილება, რომ მთავრობა ბიზნესთან დაკავშირებით პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს იღებს, რაც საქართველოს რეპუტაციას შელახავს.

„საქართველოს აქვს კარგი რეპუტაცია და დიდი ამბიციები. საქართველოს სურს ევროკავშირის წევრობა, მაგრამ მას უნდა ჰქონდეს მაღალი სტანდარტი. დღეს გვქონდა შეხვედრა ევროკავშირის კომისართან სავაჭრო საკითხებში, სესილია მალმსტრომთან. მასთან ერთად ვივახშმე და იგივე გადავეცი, რაც საქართველოს მთავრობას. საქართველოს კარგი მაჩვენებლები აქვს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ლიდერობს. თუმცა, როცა ხარ საუკეთესო მოსწავლე, უნდა იყო მომთხოვნი საკუთარი თავის მიმართ. წინააღმდეგ შეთხვევაში, საბოლოოდ, ჩვეულებრივი მოსწავლე გახდები. საქართველოს აქვს ამბიცია, გახდეს ევროკავშირის წევრი. როგორც იცით, საფრანგეთი მხარს უჭერს ამ ტრაექტორიას. საქართველომ ეს გზა უნდა გააგრძელოს პასუხისმგებლობით. ეს ნიშნავს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების არარსებობას, დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას და ისეთ ბიზნესგარემოს, რომელიც მიმზიდველი იქნება უცხოელი ინვესტორებისთვის“, – განაცხადა პასკალ მენიემ

​პასკალ მენიემ ასევე განაცხადა, რომ „თიბისი ბანკის“ გარშემო რაც ხდება, გავლენას ახდენს ანაკლიაზე.

„ვინც ამბობს, რომ გავლენა არ აქვს, ცდება, რადგან ხდება გადაწყვეტილებების გადავადება. მაგალითისთვის, ფრანგულ კომპანიაში, რომელიც ერთ-ერთია იმ ათი კომპანიიდან, რომლებიც პასუხისმგებლები იქნებიან საზღვაო პორტის მშენებლობაზე, გადაწყვეტილება ერთი თვის წინ უნდა მიეღოთ, მაგრამ ეს პროცესი რამდენიმე თვით გადაიდო. „იბიარდმა“ უნდა გამოყოს ფინანსები. ის უყურებს, რა ხდება „თიბისის“ გარშემო. საქართველოს მთავრობამ ეს უნდა გაითვალისწინოს. ინვესტორები უყურებენ საქართველოს. მთავრობა ხარჯავს ბევრ ფულს, რათა მოიზიდოს ხალხი და საქართველო ჰაბად აქციოს, მაგრამ ამასთანავე, მომრავლდა ბიზნეს შემთხვევები, სადაც ნათელი არ არის, რა ხდება. ეს გაანადგურებს ყველა ამ მცდელობას. იმედი მაქვს, რომ საქართველო პროფესიონალურად და გამჭვირვალედ მუშაობას განაგრძობს“, – განაცხადა პასკალ მენიემ.