პასკალ მენიე - გვინდა გავამკაცროთ შენგენის ტერიტორიაზე შემოსვლა, მაგალითად ისეთი ფრენების დროს, როგორიც არის ქუთაისი-ბერლინი
პასკალ მენიე - გვინდა გავამკაცროთ შენგენის ტერიტორიაზე შემოსვლა, მაგალითად ისეთი ფრენების დროს, როგორიც არის ქუთაისი-ბერლინი

საქართველოში საფრანგეთის ელჩის პასკალ მენიეს განცხადებით, უნდა გამკაცრდეს შენგენის ტერიტორიაზე შესვლა, მაგალითად ისეთი ფრენების დროს, როგორიც არის ქუთაისი-ბერლინი, ეს არის ყველაზე საშიში და დაუცველი აეროპორტი.

ელჩის თქმით, უნდა გაამკაცრონ კონტროლი, რომ საეჭვო პირები არ დაუშვან შენგენის ტერიტორიაზე და ორმხრივი თანამშრომლობაა ქართულ და ფრანგულ მხარეებს შორის, რომ ასეთი ჯგუფები დაიშალოს.

​„მაშინ, როდესაც ვიზალიბერალიზაცია შედიოდა აქტიურ ფაზაში, საფრანგეთში და გერმანიაში დიდი დებატები გამოიწვია ამ საკითხმა და მაშინ ქართულმა მხარემ დაგვარწმუნა, რომ ამას მოაგვარებდნენ. ჩვენ დავთანხმდით, რომ ქართული მხარისთვის მიგვეცა ლიბერალიზაცია. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც საფრანგეთსა და გერმანიას ჰქონდა შეშფოთების მიზეზი, ეს არის ორგანიზებული კრიმინალი, რომელიც დროდადრო იზრდებოდა ევროპის ქვეყნებში და ამ ორ ქვეყანაშიც. ზუსტად ამაზე საქართველოს მხარემ დაგვარწმუნა, რომ მიხედავდნენ და მოაგვარებდნენ ამ საკითხს და ამიტომ დავთანხმდით.

საქართველოს მთავრობამ და ქართველმა ხალხმა ძალიან დიდი სამუშაო გაწია და რეფორმები ჩაატარა, შეიძლება ითქვას, რომ ეს ჯილდოც იყო ქართველებისთვის, რომ მათ შესძლებოდათ უვიზოდ მიმოსვლა“, – აღნიშნა პასკალ მენიემ.

მისივე თქმით, ნოემბრიდან ძალიან მოიმატა თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვმა.

„შესამჩნევად მოიმატა ორგანიზებული კრიმინალის წარმომადგენელთა რიცხვმაც ამ ქვეყნების ტერიტორიაზე და რა თქმა უნდა, ასე თუ გაგრძელდება, შეიძლება გარკევული გადაწყვეტილებები იქნას მიღებული.

ჩვენ არ გვსურს ამ ეტაპზე რაიმე გადაწყვეტილების მიღება, იმიტომ, რომ არ გვსურს დავსაჯოთ ის ღირსეული ადამიანები, რომელთაც საქმეს უფუჭებენ კრიმინალის წარმომადგენლები, რომლებიც ევროპის ტერიტორიაზე მოქმედებენ და არ გვინდა მათი ამ სასირცხვილო საქმიანობის გამო დავსაჯოთ ღირსეული ადამიანები, რომლებიც იყენებენ ვიზალიბერალიზაციას“ – აცხადებს ელჩი.

პასკალ მენიემ ის ღონისძიებებიც ჩამოთვალა, რომლის გატარებასაც აპირებენ.

„პირველი, რაც გვსურს გავაკეთოთ, ეს არის საქართველოდან გასვლის კონტროლის გაძლიერება, საქართველოს სამინისტროებთან ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, რომ ეს ზომები გამკაცრდეს საქართველოს ტერიტორიაზე.

შემდეგი, რაც გვინდა გავამკაცროთ, ეს არის შენგენის ტერიტორიაზე შემოსვლა. მაგალითად, ისეთი ფრენების დროს, როგორიც არის ქუთაისი-ბერლინი, ეს არის ყველაზე საშიში და დაუცველი აეროპორტი, გვინდა რომ იქ გავამკაცროთ კონტროლი, რომ საეჭვო პირები არ დაუშვან შენგენის ტერიტორიაზე და შემდეგ ეს არის ორმხრივი თანამშრომლობა ქართულ და ფრანგულ მხარეებს შორის, რომ ასეთი ჯგუფები დაიშალოს.

ვიცნობთ იმ რეფორმას, რომელიც გვარის შეცვლის შეზღუდვას ეხება და ეს, ვფიქრობ, კარგი გადაწყვეტილებაა, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ზოგიერთ პირს აქვს 13 პასპორტიც კი, სხვადასხვა სახელებითაც კი. მართლაც დიდი ზომებია მისაღები ამასთან დაკავშირებით.

ვფიქრობ, რომ უნდა გაძლიერდეს პოლიციებს შორის ურთიერთობა, ქართულ და ფრანგულ, ქართულ და გერმანულ პოლიციებს შორის.

რაც მთავარია, მივცეთ საშუალება საქართველოს ღირსეულ მოქალაქეებს, რომ განაგრძონ ვიზალიბერალიზაციით მოგზაურობა, აუცილებელია, სამინისტროებს შორის ურთიერთობა. გიორგი გახარია ვიცით, რომ გერმანიაში მიდის მალე, მე იმედი მაქვს, რომ საფრანგეთშიც ჩამოვა, ეს არის დიალოგი, მინისტრებსა და მთავრობებს შორის დიალოგი, რომ არ მოხდეს ღირსეული ადამიანების დასჯა“, – განაცხადა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში.