პასკალ ლოტი - საქართველომ უნდა იმოქმედოს ისე, როგორც მისთვისაა უმჯობესი, საქართველოს გამოწვევაა იმის განსაზღვრა, როგორ იყოს ხიდი სხვადასხვა ერებს შორის და არა პაიკი დიდი ძალების დაპირისპირებაში
საქართველომ უნდა იმოქმედოს ისე, როგორც საქართველოსთვისაა უმჯობესი, საქართველოს გამოწვევაა იმის განსაზღვრა, როგორ იყოს ხიდი სხვადასხვა ერებს შორის და არა პაიკი დიდი ძალების დაპირისპირებაში, – ამის შესახებ შვეიცარიელმა პროფესორმა, პასკალ ლოტმა ქართველ ჟურნალისტებს საქართველოში მიმდინარე თბილისის მდგრადი განვითარების ფორუმის ფარგლებში განუცხადა.
როგორც პასკალ ლოტი აცხადებს, საქართველოს როლი ძალიან მნიშვნელოვანია დაკავშირებადობის თვალსაზრისით მთელი კავკასიის რეგიონისთვის.
„საქართველოს როლი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ამ რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად, ჩვენ ვხედავთ, როგორ დაიწყო ახლა ომი ან როგორაა თავს მოხვეული ომი ირანში, თქვენს ძალიან ახლო მეზობელზე. ვხედავთ არსებულ დაძაბულობას, პერიოდულ საბრძოლო მოქმედებებს, ასევე თურქეთსა და სირიაში მიმდინარე ვითარებას. ასეთ პირობებში სტაბილური კავკასიის რეგიონი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. ამ კონტექსტში საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც რუსეთთან ურთიერთობის ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს. 2008 წლის ძალიან მძიმე ისტორიის მიუხედავად, ასევე 2008 წლის შემდეგ მიღწეული წარმატების ფონზე, რადგან კონფლიქტი აღარ გაფართოვდა და აღარ განვითარდა. ამჟამად საქართველო თავისი ეროვნული განვითარების თვალსაზრისით სრულიად განსხვავებულ ეტაპზე იმყოფება, ვიდრე უკრაინა. ამიტომ რუსეთთან მშვიდობიანი განვითარების საფუძვლების შენარჩუნება, ევროკავშირთან იმედის მომცემი განვითარების გაგრძელება და არსებული ეკონომიკური შესაძლებლობების გამოყენება, ჩემი აზრით, ფუნდამენტურია როგორც მთელი რეგიონისთვის, ისე, უპირველეს ყოვლისა, საქართველოსთვის. ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სატრანსპორტო და სავაჭრო დერეფნების ფუნქციონირების შენარჩუნება, ასევე მოლაპარაკებების წარმოება და მეზობლების, სომხეთისა და აზერბაიჯანის დახმარება შეთანხმებების მიღწევაში ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა. ვფიქრობ, საქართველო ამ მიმართულებით ბოლო ათწლეულის განმავლობაში წარმატებით მუშაობდა“, – განაცხადა პასკალ ლოტმა.
ლოტის თქმით, ის იმედოვნებს, რომ საქართველო შეძლებს, ხელი შეუწყოს მშვიდობასა და კეთილდღეობას.
„იმედი მაქვს, ეს ასე გაგრძელდება და საქართველო შეძლებს, შეასრულოს თავისი როლი, როგორც პატარა სახელმწიფომ, რომელიც ხელს უწყობს მშვიდობასა და კეთილდღეობას და არა დაყოფასა და დაპირისპირებას. საქართველომ უნდა იმოქმედოს ისე, როგორც საქართველოსთვისაა უმჯობესი და ეს, ჩემი აზრით, არის, ერთი მხრივ, იმის განსაზღვრა, როგორი საქმიანი ურთიერთობა შეიძლება ჰქონდეს რუსეთთან და, მეორე მხრივ, როგორ ჰქონდეს ასეთივე საქმიანი ურთიერთობა ევროკავშირთან, რომელიც არ უნდა დასრულდეს იმის იძულებით, რომ საქართველომ აირჩიოს რომელიმე ბანაკი. საქართველოს გამოწვევაა იმის განსაზღვრა, როგორ იყოს ხიდი სხვადასხვა ერებს შორის და არა პაიკი დიდი ძალების დაპირისპირებაში, საქართველო გამოიყენონ ერთმანეთის წინააღმდეგ. ასე რომ, ნეიტრალიტეტს საქართველოსთვის, ვფიქრობ, აქვს გარკვეული აზრი“, – განაცხადა ლოტმა.