პარტიაში „გახარია საქართველოსთვის“ არ აკონკრეტებენ, მიიღო თუ არა გიორგი გახარიამ გერმანიაში ბინადრობის უფლება
პარტიაში „გახარია საქართველოსთვის“ არ აკონკრეტებენ, მიიღო თუ არა პარტიის ლიდერმა, გიორგი გახარიამ გერმანიაში ბინადრობის უფლება.
აღნიშნულ თემაზე ჟურნალისტის კითხვაზე, მიიღო თუ არა გიორგი გახარიამ გერმანიაში ბინადრობის უფლება და ითხოვს თუ არა ადგილობრივი ბანკებისგან ანგარიშის გახსნას, პარტიის წევრმა, თამარ კეკენაძემ აღნიშნა:
„მე ერთადერთი, რაც შემიძლია, დაგიდასტუროთ, არის ის, რომ გიორგი გახარია ამ ეტაპზე სამუშაო ვიზიტით იმყოფება ევროკავშირში“.
ამასთან, კეკენაძის თქმით, ასევე უახლოეს მომავალში გაირკვევა, სად გააგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას და ჩამოვა თუ არა გახარია საქართველოში.
„როდის ჩამოვა საქართველოში, როგორ და სად გააგრძელებს იმ პოლიტიკურ საქმიანობას, რომელიც ემსახურება ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენას, იქნება ეს აქტიური ჩართულობა საარჩევნო კამპანიაში ფიზიკურად თუ ევროკავშირის ფარგლებში სამუშაო შეხვედრების გაგრძელება, ამას უახლოეს დღეებში მოქალაქეები თავად გიორგი გახარიასგან გაიგებენ“, – განაცხადა კეკენაძემ.