პარტიამ „ლელო საქართველოსთვის” ქედაში რაიონული ორგანიზაცია დააფუძნა
პარტიამ „ლელო საქართველოსთვის” ქედაში რაიონული ორგანიზაცია დააფუძნა

პარტიამ „ლელო საქართველოსთვის” ქედაში რიგით 26-ე რაიონული ორგანიზაცია დააფუძნა. ორგანიზაციის გახსნას პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და სხვა ლიდერებიც ესწრებოდნენ.

ქედის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელად გოჩა ჟღენტი დაინიშნა.

მამუკა ხაზარაძემ გამოსვლის დროს განაცხადა, რომ ქედამ ბუნებრივი რესურსი თავის სასარგებლოდ უნდა გამოიყენოს და რაიონში ისეთი ეკონომიკური პირობები შეიქმნას, რომ ხალხი უკან დაბრუნდეს და საკუთარ სახლებში იცხოვრონ.

„ხალხი გადის და ტოვებს სოფლებს. არ არსებობს ოჯახი, საიდანაც ადამიანი არ არის წასული და არ ეძებს შემოსავალს უცხო ქვეყანაში. ჩვენ ეს რეალობა უნდა შევცვალოთ და ამ არაჩვეულებრივ ბუნებასა და პოტენციალს, რომელიც ამ მხარეს გააჩნია, უნდა დავუბრუნოთ ყველაზე მთავარი – ადამიანი, რომელიც დასაქმდება აქ და შექმნის პერსპექტივას მისთვის და მისი ოჯახისთვის. ზუსტად იმ ენთუზიაზმით მოვალთ არჩევნებზე, როგორც დღეს ქედაში დაგვხვდა მოსახლეობა და ამ ქვეყანაში გამარჯვების და წარმატების ეპოქა დაიწყება”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

სიტყვით გამოვიდა რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელიც.

„მიხარია, რომ დღეს ჩვენს გვერდით ხართ და ერთად ველოდებით ოქტომბერს, რომ დავდოთ ლელო საქართველოსთვის. დღეს, სამწუხაროდ, ვხედავთ, როგორ გვეცლება ხელიდან სახელმწიფო და ჩვენს შვილებს ართმევენ მომავალს. ამ ყველაფრის შემდეგ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ სახელმწიფოებრივი არჩევანი”, – აცხადებს გოჩა ჟღენტი.