პარტიამ „ევროპელი სოციალისტები“ უკრაინასთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი მოამზადა
პარტიამ „ევროპელი სოციალისტები“ უკრაინასთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი მოამზადა

პარტია „ევროპელი სოციალისტები“ უკრაინის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რეზოლუციის საკუთარ პროექტს ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ წინააღმდეგი არიან ქმედებების, რომლებიც ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული.

ამასთან, პარტიაში ამბობენ, რომ უკრაინაში სამხედრო ესკალაცია საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ რეგიონის, არამედ მსოფლიო მშვიდობასა და უსაფრთხოებას.

„ჩვენ, „ევროპელი სოციალისტები“ ღრმა წუხილს გამოვხატავთ უკრაინაში მიმდინარე სავარაუდო სამხედრო ესკალაციაზე. წინააღმდეგი ვართ ქმედებების, რომელიც ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული. უკრაინაში სამხედრო ესკალაცია საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ რეგიონის, არამედ მსოფლიო მშვიდობასა და უსაფრთხოებას;

ვემხრობით საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგისა და საერთაშორისო საზოგადოების საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს, მათ შორის საზღვრების ურღვეობის, ტერიტორიული მთლიანობის და სახელმწიფოს სუვერენიტეტის პრინციპებს. ასევე, სახელმწიფოს სუვერენულ უფლებას, გაწევრიანდეს ნებისმიერ საერთაშორისო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თუ სამხედრო ორგანიზაციაში.

მომხრეები ვართ საერთაშორისო ურთიერთობებში მშვიდობისა და თანამშრომლობის პრინციპების აღიარებისა და დამკვიდრების;

ამიტომ, მოვუწოდებთ კონფლიქტში პირდაპირ თუ ირიბად ჩართულ მხარეებს თავშეკავებისკენ; მიგვაჩნია, რომ უკრაინაში სამხედრო ესკალაციის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი, რაც „მინსკის ხელშეკრულებით“ და „ნორმანდიული ფორმატის“ გადაწყვეტილებების შესრულებით იქნება შესაძლებელი“, – ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.

ამასთან, რეზოლუციის პროექტის თანახმად, ზემო აღნიშნულის გათვალისწინებით და საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, „ევროპელი სოციალისტები“ მიმართავენ საქართველოს მთავრობას, გამოიყენოს ყველა დიპლომატიური ინსტრუმენტი და მაქსიმალურად ჩაერთოს უკრაინაში სამხედრო ესკალაციის მშვიდობიანად განმუხტვის საქმეში.

დატოვე კომენტარი