პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“, სანქტ-პეტერბურგში ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსების შეკრებაში მონაწილეობის გამო, დეპუტატი რობერტ რიში ჰამბურგის საბჭოს ფრაქციიდან გარიცხა
პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“, სანქტ-პეტერბურგში ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსების შეკრებაში მონაწილეობის გამო, დეპუტატი რობერტ რიში ჰამბურგის საბჭოს ფრაქციიდან გარიცხა

გერმანულმა ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ჰამბურგის ადგილობრივ საბჭოში ფრაქციიდან გარიცხა თავისი დეპუტატი რობერტ რიში.

ამის მიზეზი სანქტ-პეტერბურგში ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსების შეკრებაში რიშის მონაწილეობა გახდა.

რიშის პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ფრაქციიდან გარიცხვისა და რუსეთში ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსების ყრილობაში მისი მონაწილეობის შესახებ „რადიო თავისუფლებამ“ გაავრცელა ინფორმაცია.

მედიასაშუალების ცნობით, რიშის წინააღმდეგ დაწყებულია დისციპლინარული მოკვლევა, რის შედეგადაც ის შესაძლოა, პარტიიდანაც გარიცხონ.

სანქტ-პეტერბურგში კონფერენცია 12 სექტემბერს გაიმართა. ორგანიზატორებს შორის იყო კრემლთან დაახლოებული სანქცირებული ბიზნესმენი კონსტანტინ მალოფეები.

რობერტ რიში ღონისძიებაზე მომხსენებლის სახით გამოდიოდა. გავრცელებული ცნობით, ეს პარტიასთან შეუთანხმებლად მოხდა. თავად რიში ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ეს იყო კერძო ვიზიტი და ის თან ახლდა თავის მეგობარს, ასევე, ჰამბურგის საქალაქო საბჭოში პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ფრაქციის ყოფილ წევრ ოლგა პეტერსენს, რომელსაც აღნიშნულ დღეს დაბადების დღე ჰქონდა.