პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურში გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით ფრანკფურტის პროკურატურაში სარჩელი შეიტანა
პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურში გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით ფრანკფურტის პროკურატურაში სარჩელი შეიტანა

პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრმა, ლარს გიუნტერმა ბად-ფრაიენვალდეს მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურის დროს გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით ფრანკფურტის პროკურატურაში სარჩელი შეიტანა.

ლარს გიუნტერი, რომელიც ბად-ფრაიენვალდეში პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ რეგიონული თავმჯდომარეა, არჩევნების გაყალბებასა და ჩარევაზე საუბრობს და პროკურატურისგან მოითხოვს, მოხდეს მეორე ტურის საარჩევნო დოკუმენტაციის დაარქივება.

19 ოქტომბერს გამართულ ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურში, დამოუკიდებელი კანდიდატი ფრენკ ვეტელი, რომელსაც მხარს უჭერდა პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“, 48.4%-ით დამარცხდა „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ კანდიდატთან, ულრიკ ჰაიდემანთან, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 51.6%-ის მიღება შეძლო.

ჰაიდემანმა ვეტელს 160 ხმით აჯობა, თუმცა, პარტიაში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აცხადებენ, რომ 401 რეგისტრირებულ ამომრჩეველს, რომლებსაც წინასწარ ჰქონდათ გაგზავნილი მოთხოვნა ფოსტით ხმის მიცემასთან დაკავშირებით, ტექნიკური ხარვეზის გამო ბიულეტენები ორჯერ მიუვიდათ.

ბად-ფრაიენვალდეს ჯერ კიდევ მოქმედი მერი რალფ ლეჰმანი ადასტურებს, რომ ბიულეტენების ბეჭდვის დროს მართლაც გამოვლინდა ხარვეზი, რის გამოც 400-მდე ამომრჩეველს განმეორებით დაეგზავნა ახალი, ტექნიკურად გასწორებული ბიულეტენები, ხოლო გაფუჭებული ბიულეტენები გაბათილდა. რალფ ლეჰმანი გამორიცხავს, რომ შეიძლებოდა, ხმები ორჯერ დათვლილიყო, რადგან ბიულეტენების მარკირება და ამომრჩეველთა გაფრთხილება მოხდა.