პარტია „საქართველოსთვის“ და ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია აინიცირებენ კანონპროექტს „ოკუპანტი სახელმწიფოს - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ“
პარტია „საქართველოსთვის“ და ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია აინიცირებენ კანონპროექტს „ოკუპანტი სახელმწიფოს - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ“

პარტია „საქართველოსთვის“ და ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია პარლამენტში აინიცირებენ კანონპროექტს „ოკუპანტი სახელმწიფოს – რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ“.

როგორც პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, კანონი ეხება ყველა სახელმწიფოს, რომელიც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

„ჩვენი საპარლამენტო გუნდი, დამუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიასთან ერთად, აინიცირებს „ოცნების“ მიერ დარეგისტრირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ანუ ე.წ. რუსული კანონის ალტერნატიულ კანონის პროექტს. კერძოდ, საქართველოს კანონის პროექტს „ოკუპანტი სახელმწიფოს – რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ“. ეს ალტერნატიული კანონი ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ დევნას ყველა იმ ორგანიზაციის ან ადამიანის მიმართ, რომელიც წარმოადგენს ოკუპანტი ქვეყნის ძალას და რუსეთის ინტერესებით ცდილობს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული საგარეო პოლიტიკის მიზნების შეცვლას ან ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში ღიად/ფარულად ჩარევას.

კანონი ეხება არა მხოლოდ რუსეთს, არამედ ყველა იმ სახელმწიფოს, რომელიც არ აღიარებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მას შემდეგ, რაც ასობით ათასმა ჩვენმა მოქალაქემ ტყუილებში ჩაკარგულ „ოცნებას“ კანონი გააწვევინა, მათ თქვეს, რომ ისინი არასდროს დაუბრუნდებოდნენ ამ საკითხს. ამ ნაბიჯმა კიდევ ერთხელ ძალიან კარგად აჩვენა, რამდენად მძიმე მდგომარეობაშია ტყუილებში ჩაკარგული „ოცნება“, როცა კიდევ ერთ პირობას არღვევს. ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენს საზოგადოებას გამარჯვება გვაერთიანებს, ივანიშვილი გვყოფს და ცდილობს, გააღრმაოს პოლარიზაცია. ჩვენ არავითარი პრობლემა გამჭვირვალობასთან არ გვაქვს, ერთადერთი ვისაც გამჭვირვალობა პრობლემას უქმნის, ეს არის თავად ხელისუფლება. დღეს, როცა ტყუილებში ჩაკარგული „ოცნება“ მანიპულირებს იმით, რომ ის გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას იცავს, ჩვენ შევახსენებთ მათ, რომ გამჭვირვალობა უმნიშვნელოვანესი სტანდარტია და ეს სტანდარტი ყველას უნდა ეხებოდეს, „ენჯეოსაც“, პოლიტიკურ პარტიასაც და, პირველ რიგში, თავად ხელისუფლებას. მაშინ, როდესაც თითქოს გამჭვირვალობის მიზეზით, „ოცნება“ იცავს თავის კანონს, სინამდვილეში, არა თუ ტოლობის ნიშანს სვამს ოკუპანტ სახელმწიფოსა და სტრატეგიულ პარტნიორებს შორის, არამედ ოკუპანტ ქვეყანაზე მეტად ერჩის და ემუქრება სტრატეგიულ პარტნიორებს. მერე გამოხვალთ და ტყუილს დაარქმევთ იმას, რასაც ამ კანონს საქართველოს ასობით ათასმა მოქალაქემ თავად დაარქვა რუსული. ამიტომ „არა, არ არის რუსულის“ ძახილის ნაცვლად, თუ ვინმეს გადარწმუნება გინდათ, ადექით და ალტერნატიული კანონის მხარდაჭერით დაარწმუნეთ ეს ადამიანები, რომ ოკუპანტ სახელმწიფოსა და ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტის გარანტორ ქვეყნებს შორის ტოლობის ნიშანს არ სვამთ. ჯარიმებით კი არა, პირდაპირ სისხლის სამართლებრივი დევნით დასაჯეთ რუსეთის გავლენის აგენტები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.