აკაკი ბართაიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს
აკაკი ბართაიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს

პარტია „საქართველოსთვის“ აქტივისტს, აკაკი ბართაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.

აკაკი ბართაიას გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას ედავება.

ადვოკატის ინფორმაციით, საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს და ბრალდება პოლიტიკურად არის მოტივირებული.

„არც ერთი რეალური მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ ბრალდებულ აკაკი ბართაიას ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი, საქმეში წარმოდგენილი არ არის. უფრო მეტიც, გამოძიებას პირდაპირ აქვს დარღვეული საკონსტიტუციო სასამართლოს მითითება და მოთხოვნა, რომ მსგავს შემთხვევებში ყველა ჩხრეკაზე უნდა განხორციელდეს ვიდეოგადაღება. არათუ არ უწარმოებიათ ვიდეოგადაღება, არამედ ფაქტი სადაც მოხდა, ქუჩის სათვალთვალო კამერა უყურებს და არც ის კამერებია წარმოდგენილი. დაცვის მხარე სრულყოფილ გამოძიებას ჩაატარებს და მოვიპოვებთ მტკიცებულებებს, რომლითაც დადასტურდება, რომ აკაკი ბართაია არის უდანაშაულო და ეს ყველაფერი პოლიტიკურად მოტივირებული.

ბრალდებული იმ დღეს ხუთი დღით მიემგზავრებოდა მივლინებაში სურამში, ჩანთა მეუღლემ ჩაულაგა და დეტალურად აღწერს ყველაფერს, რა ჩაუდო ჩანთაში. ჩადება უკვე განხორციელდა, როდესაც ავტომაგისტრალზე გადასვეს. გაჩერება ოპერატიული ინფორმაცია იყო. ბრალდებული პირდაპირ ამბობს, რომ მან არაფერს მოაწერა ხელი და ბუნებრივია, არც ნიმუშების აღებაზე დათანხმდა. მისი თქმით, რამდენიმე ადამიანმა მოახდინა ძალადობა მასზე. არ აღებდა პირს, რის შემდეგაც ცხვირზე მოუჭირეს ხელი და იძულებული გახდა, სუნთქვის მიზნით გაეღო პირი. ფანქარზე დახვეული ბამბა პირში ჩაუყვეს, ამ ნიმუშის დატანა კი ცეცხლსასროლ იარაღზე მოხდება. მან ამ დროს დაზიანება მიიღო და ერთ-ერთი კბილი ჩამოხეტილი აქვს“, – აღნიშნა ადვოკატმა ზაზა დათუკიშვილმა.

პროკურორ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, სასამართლომ სრულიად გაიზიარა ბრალდების მხარის დასაბუთებული შუამდგომლობა.

„საქმეში არაერთი პირდაპირი სახის მტკიცებულება არის წარმოდგენილი, რომელიც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა მართლაც განახორციელა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება. ეს არის ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარება და ასევე პოლიციას გაუწია წინააღმდეგობა. დაცვის მხარის მითითება არის მათი ინტერპრეტაცია, შეფასება, რაც რეალობას არ შეესაბამება. არის მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტთა დასკვნები. ყველა საგამოძიებო მოქმედება კანონის სრული დაცვით ჩატარდა. არც ერთ შემთხვევაში არ დარღვეულა საპროცესო მოთხოვნები. შესაძლებლობის ფარგლებში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები“, – განაცხადა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ.