პარტია „ლელომ“ საქართველოს რეკონსტრუქციის პროგრამის - „მარშალის გეგმის“ - პრეზენტაცია გამართა
პარტია „ლელომ“ საქართველოს რეკონსტრუქციის პროგრამის - „მარშალის გეგმის“ - პრეზენტაცია გამართა

პარტია „ლელომ“ საქართველოს რეკონსტრუქციის პროგრამის – „მარშალის გეგმის“ – პრეზენტაცია გამართა.

„ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პრეზენტაციაზე დამსწრეებს გეგმა დეტალურად გააცნო. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს რეკონსტრუქცია ყველა მიმართულებით ძირეულ ცვლილებებს გულისხმობს, მათ შორის ეკონომიკის გაძლიერების თვალსაზრისით.

პარტიამ დოკუმენტი წარადგინა, რომელიც „ლელოს“ გუნდის ხედვებს აერთიანებს. როგორც პრეზენტაციისას აღნინიშნა, „მარშალის გეგმის“ ერთ-ერთი მიმართულება საქართველოში სიღარიბის დაძლევაა.

„მარშალის გეგმაში“, საქართველოს რეკონსტრუქციის პროგრამაში დეტალურად არის გაწერილი უახლოეს ოთხ წელიწადში ჩვენი ქვეყნის სრული რეფორმირება, სრული რეკონსტრუქცია. ეს რეფორმები, უპირველეს ყოვლისა, ეხება ძლიერი საშუალო ფენის, როგორც ქვეყნის სტაბილურობის ფუნდამენტის ჩამოყალიბებას. ჩვენი ამოცანაა, რომ 64 ათასი ადამიანი, რომელიც საშუალო ფენას წარმოადგენს, უახლოეს ოთხ წელიწადში გავხადოთ 600 ათასი. ანუ საუბარია დაახლოებით, მილიონ 400 ათასამდე ადამიანზე, რომელსაც ყოველთვიური შემოსავალი ექნება სამი ათასი ლარი. ეს არის რეალობა.

ჩვენ შევქმნით ქვეყანას, რომელსაც ექნება მიზიდულობის ცენტრის ფუნქცია ფინანსებში, ლოჯისტიკაში, კულტურული და სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით, საზღვაო ინდუსტრიის განვითარების მიმართულებით. ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხია ანაკლიის პორტის და ანაკლიის ქალაქის მშენებლობა, როგორც უმნიშვნელოვანესი პროექტის, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის, სტაბილურობის, უზარმაზარი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენს აფხაზ ძმებთან ახალი დიალოგის დაწყების პლატფორმა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„ლელოს“ გენერალური მდივნის, ბადრი ჯაფარიძის განმარტებით, ლელოს „მარშალის გეგმა“ გამომდინარეობს იმ გარემოებიდან, რომ როდესაც ომის შემდგომ გერმანიაში ქვეყნის ეკონომიკა მთლიანად დანგრეული იყო, შემუშავდა სპეციალური გეგმა, მაშინდელი სახელმწიფო მდივნის, მარშალის მონაწილეობით და ამ გეგმას ეწოდა მარშალის გეგმა, რადგან ის ეკონომიკის აღსადგენად ფუნდამენტურ ღონისძიებებს გულისხმობდა.