პარტია „გამარჯვებული საქართველო“ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს
პარტია „გამარჯვებული საქართველო“ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს

პარტია „გამარჯვებული საქართველო“ დღეს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

როგორც პარტიის წარმომადგენელმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, ქართველი ხალხის მოთმინებას საზღვარი აქვს.

„ჩვენ ვიხილეთ ის, რისიც ყველაზე მეტად გვეშინოდა – ქვეყნის მესამედ ჩაბარება ოკუპანტზე. ამაზე პასუხისმგებელია ხელისუფლება, ესაა მათი ბოლო მესიჯი. ქართველი ხალხის მოთმინებას საზღვარი აქვს. ჩვენ ვნახეთ გავრილოვი, რომელიც იჯდა იმ ადგილას, სადაც წლების წინ იჯდა ზვიად გამსახურდია. ჩვენ ვიხილეთ 21-ე საუკუნის ჯალალ ედ-დინი. ამ ჯალალ ედ-დინის ხელისშემწყობია მოღალატე ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი. მოთმინების ფიალა აივსო. მოგიწოდებთ ყველას, გამოდით და დადექით მუნიციპალიტეტების წინ. საქართველოს სჭირდება გადარჩენა. დაგეგმილია სპეცოპერაცია და ქვეყნის განადგურება. დაანებეთ პარტიებს თავი, ჩვენ ერთი პარტიის წევრი უნდა გავხდეთ, რომელსაც ჰქვია საქართველო. გამოდით შვიდ საათზე და მშვიდად, წყნარად, ღირსეულად დავდგეთ პარლამენტის შენობასთან ოკუპაციის გასაპროტესტებლად“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

„გამარჯვებული საქართველოს“ წევრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა კი,  პოლიციას მოუწოდა, არ შეუშალონ ხელი მოქალაქეებს გამოხატვის თავისუფლებაში.  მისივე თქმით, პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც ამ საქმეში იყო ჩართული.

ასევე, მოძრაობის მოთხოვნებს შორისაა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების გამართვა.