სამწუხაროდ, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და წესრიგის მოშლა სწორედ ყველაზე მოწყვლად გჯუფებზე აისახება, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაშია ნათქვამი.
„ქვეყანაში მიმდინარე მწვავე პოლიტიკური კრიზისის ფონზე უკვე აშკარად იკვეთება თანმდევი სოციალური კრიზისები ბევრი მიმართულებით. ამის მაგალითია ტყიბულში ათეულობით თანამშრომლის პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება, რაც კონკრეტულ ადამიანებსა და მათ ოჯახებს მძიმე სოციალური რისკების ქვეშ აყენებს.
ასევე, მასობრივად გაიფიცნენ „აგარის შაქრის“ თანამშრომლები კუთვნილი ანაზღაურების მოთხოვნით.
სამწუხაროდ, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და წესრიგის მოშლა სწორედ ყველაზე მოწყვლად გჯუფებზე აისახება. როდესაც პარტიული, კორუფციული ბიზნესინტერესები არ ექვემდებარება საჯარო თუ სახელმწიფო ანგარიშვალდებულების პრინციპს, კატასტროფული სოციალური წნეხი აშკარა ხდება.
სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ მეშახტეებსა და „აგარის ქარხნის“ თანამშრომლებს, ვემხრობით საჯარო მოსამსახურეების დამოუკიდებელი პროფკავშირების შექმნას და მზაობას ვაცხადებთ ერთიანი სამართლებრივი თუ პოლიტიკური ბერკეტების შემუშავებისთვის ამ კრიტიკულ ვითარებებში საჯარო ინტერესისა და თითოეული თანამშრომლის ღირსებისა და სოციალური დაცვის უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაში.