პარტია „ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ გურიაში რეგიონული ოფისი გახსნა და მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

15:01, 18.07.2026

პარტია „ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ გურიაში რეგიონული ოფისი გახსნა და მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვატო შაქარიშვილმა განაცხადა, გურიას განვითარების  დიდი პოტენციალი აქვს.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ პარტიული სტრუქტურების გაძლიერებაზე საქართველოს მასშტაბით. გურიას აქვს უნიკალური შესაძლებლობები, როგორც საზღვაო, ასევე სამთო კურორტები. აქვს სოფლის მეურნეობის ტრადიციული დარგები, რომელთა აღორძინების შედეგად შესაძლებელი იქნება, რეგიონი სწრაფად განვითარდეს, ადგილობრივ მოსახლეობაში შევიდეს კეთილდღეობა. ამ ყველაფრისთვის კი ჩვენ გვჭირდება ნეიტრალური სტატუსი, რომელიც არის ყველაზე რეალისტური გზა მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად“, – განაცხადა შაქარიშვილმა.

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი წევრის, ბიძინა გიორგობიანის თქმით, მოსახლეობაში დიდია ინტერესი ნეიტრალიტეტის იდეის მიმართ.

„ყველა რეგიონული წარმომადგენლობის გახსნის შემდეგ ჩვენ უფრო და უფრო ვრწმუნდებით, რომ ნეიტრალური მოძრაობა, როგორც პოლიტიკური პარტია, ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება, ძალიან დიდია ინტერესი თვითონ ამ პარტიისა და იდეის მიმართ. ვფიქრობ, უახლოეს ერთ თვეში დარჩენილ ორ წარმომადგენლობასაც გავხსნით და შემდეგ უკვე გადავალთ რაიონებში წარმომადგენლობების გახსნაზე“, – აღნიშნა გიორგობიანმა.

მსგავსი