ზაზა სარალიძე სამართალდამცველების ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავეს
ზაზა სარალიძე სამართალდამცველების ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავეს

პარლამენტთან ზაზა სარალიძე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ზაზა სარალიძე პოლიციელების ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით არის დაკავებული.

მასთან ერთად სავარაუდოდ კიდევ ორი პირია დაკავებული.

მომხდარზე სხვა კომენტარი შსს-ში ჯერ არ გაკეთებულა.

როგორც პირველ არხის ჟურნალისტი იუწყება, პარლამენტთან რჩება აქციის რამდენიმე მონაწილე.

როგორც ერთ-ერთმა მათგანმა, გიორგი მათიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ზაზა სარალიძე პარლამენტთან გაშლილ ლოგინებზე ბანერის გადაფარებას ცდილობდა, რისი საშუალებაც საპატრულო პოლიციამ არ მისცა. მათიაშვილის თქმით, ამის შემდეგ სარალიძემ პოლიციას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სამართალდამცველებმა ის მაშინ დააკავეს, როდესაც საკუთარი ავტომობილისკენ მიემართებოდა.

გიორგი მათიაშვილის ინფორმაციით, ზაზა სარალიძესთან ერთად დაკავებულია კიდევ ორი პირი – ნუკრი კუჭაშვილი და ბექა პაპაშვილი.