პარლამენტთან შეკრებილები რამდენიმე საათში სამოქმედო გეგმას გაასაჯაროებენ
პარლამენტთან შეკრებილები რამდენიმე საათში სამოქმედო გეგმას გაასაჯაროებენ

პარლამენტთან აქციაზე შეკრებილთა ნაწილი, რომლებიც „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებულ სპეცოპერაციებს აპროტესტებენ, დაშლას არ აპირებენ. „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენლები მათ დღის სამ საათამდე დაშლას და სამოქმედო გეგმის შედგენას სთავაზობენ. თუმცა, რამდენიმე პირი პარლამენტის წინ დარჩენის მომხრეა.

როგორც „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებენ, სამოქმედო გეგმაზე მუშაობა მაინც მიმდინარეობს, რომელსაც რამდენიმე საათში გაასაჯაროებენ.

ადგილზე რჩებიან სამართალდამცველები, რომლებიც აქციის მონაწილეებს გზის სავალ ნაწილზე გადასვლის უფლებას არ აძლევენ.

პარლამენტთან აქციაზე დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა, როდესაც აქციის მონაწილეები გზის სავალ ნაწილზე გადადიოდნენ. პარლამენტთან ამის გამო რამდენიმე ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მათ შორის „გირჩის“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე.

ღამის კლუბებში სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერაციებისას, კლუბის სტუმრებსა და პოლიციას შორის რამდენიმე საათის წინ დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც, ადმინისტრაციული წესით 20-მდე პირი აიყვანეს. შსს-ში დაკავებულთა ზუსტი რაოდენობის შესახებ არ საუბრობენ.

შსს-ს ინფორმაციით, „ბასიანსა“ და „გალერიში“ დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს თბილისში მდებარე კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად.

2018 წლის 12 მაისს აღნიშნულ კლუბებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი“, – აცხადებენ შსს-ში.