პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს [ფოტო]
პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს [ფოტო]

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მედიის წარმომადგენლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმის გამოძიებასა და პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვენ.

„მინდა, ლექსოს მივცე პირობა, ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. არ გავაშუქებ არაფერს ლექსოს სიკვდილის გარდა. ლექსო, ჩვენ ამას ბოლომდე მივიყვანთ. პროფესიულ საქმიანობას შეწირულ ჩვენს კოლეგას ტაში დავუკრათ, ამ ნაძირლებს, ვინც ეს ჩაიდინეს, ვაჩვენოთ, რამდენი ვართ. ყველაფერი გაგვიბედეთ, რაც შეგეძლოთ, რომ გაგებედათ. დღეს დაბნელდა ჩემთვის, ხალხნო. თუ ამ მთავრობაში ვინმეს ოდნავ მაინც გული შესტკივა ქვეყანაზე, დაგვანახეთ, მოხსენით პრემიერ-მინისტრი, აგებინეთ პასუხი ყველას“, – განაცხადა ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ.

„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა სცემეს, გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ლექსო ლაშქარავა კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც სახლში გაწერეს.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

რუსთაველის გამზირზე აქციას შეგიძლიათ, თვალი მიადევნოთ „მოამბის“ ეთერში.