პარლამენტთან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ორგანიზებით აქცია იმართება
პარლამენტთან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ორგანიზებით აქცია იმართება

საქართველოს პარლამენტთან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ორგანიზებით აქცია იმართება.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, სურდათ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენებზე დასწრება, თუმცა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლებმა არ შეუშვეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მათ ჰქონდათ კითხვები ახალდანიშნულ მთავრობის წევრებთან.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ნიკა ფარულავას განცხადებით, მათზე საშვი დაშვებული იყო, თუმცა დეპუტატ თამარ ჩუგოშვილის გადაწყვეტილებით, პარლამენტში მაინც არ შეუშვეს, მიზეზად კი, სისტემის გაუმართაობა დაუსახელეს.

საქართველოს პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი დღეიდან დაიწყო. მინისტრობის კანდიდატებს დღეს, საკომიტეტო ფორმატში მოუსმენენ.

დეპუტატების წინაშე პირველად საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი წარდგა, რომელსაც დეპუტატები სამი კომიტეტის – საგარეო ურთიერთობათა, ევროინტეგრაციისა და დიასპორის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უსმენენ.

კომიტეტების სხდომა გაიმართება 5 სექტემბერსაც, სადაც კანონმდებლები ძალოვანი და ასევე ეკონომიკის დარგის მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ.

ბიუროს მიერ განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით, მთავრობის განახლებულ შემადგებლობას 6-7 სექტემბერს ფრაქციების ფორმატში მოუსმენენ, 8 სექტემბერს კი, პლენარული სხდომა გაიმართება, სადაც მთავრობის დამტკიცებისთვის „ქართულ ოცნებას“ 76 დეპუტატის მობილიზება დასჭირდება.