პარლამენტთან ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვას აპროტესტებენ
პარლამენტთან ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვას აპროტესტებენ

ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვის მიუხედავად, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით აქცია ამ დრომდე მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი დემონსტრაციულად არღვევენ ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვას.

პარლამენტის წინ შეკრებილები გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნასთან ერთად იმ ჯარიმების გაუქმებას ითხოვენ, რომლებითაც სხვადასხვა დროს დაჯარიმდნენ მოქალაქეები კოვიდშეზღუდვების დარღვევების გამო.

პარლამენტის წინ აქცია მუსიკალური პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. სპეციალურად მოწყობილ სცენაზე ქართველი მომღერლები, მუსიკოსები და მუსიკალური ჯგუფები უკრავენ. შეკრებილების განცხადებით, ისინი პარლამენტთან დილის 05:00 საათამდე, ანუ იმ პერიოდის განმავლობაში დარჩებიან, რომელსაც გადაადგილების შეზღუდვა ითვალისწინებს.