პარლამენტთან დღევანდელი აქცია დასრულდა
პარლამენტთან დღევანდელი აქცია დასრულდა

საქართველოს პარლამენტის შენობასთან დღევანდელი აქცია დასრულდა. აქციის დასრულებამდე საკანონმდებლო ორგანოსთან ინციდენტი მოხდა. აქციის ერთ-ერთ მონაწილეს სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მიეცა, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პირი კითხვის დასმას აპირებდა, თუ რატომ გამოვიდნენ დღეს ტრიბუნასთან პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინათინ ბოკუჩავა.

ამ დროისათვის, დემონსტრანტები რუსთაველის გამზირს ტოვებენ, თუმცა გუშინდელის მსგავსად, პარლამენტის წინ აქციის რამდენიმე მონაწილე სავარაუდოდ, მთელი ღამის განმავლობაში კვლავ დარჩება. მათ შორის არიან მოშიმშილეები.

სულ ხუთი ადამიანი აგრძელებს შიმშილობას. კიდევ ერთი მოშიმშილე გოგონა კი, დღევანდელ აქციაზე შეუძლოდ გახდა.

ორგანიზატორები აცხადებენ, რომ აქციები გაგრძელდება, სანამ არ გადადგება შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და არ გათავისუფლდებიან 20 ივნისის ღამეს დაკავებული აქციის მონაწილეები.

ხვალ,  19:00 საათისთვის ისინი კვლავ აპირებენ შეკრებას საკანონმდებლო ორგანოსთან.