პარლამენტთან დაკავებული ლევან გახელაძისა და კიდევ სამი პირის ადმინისტრაციული საქმეების განხილვა 17 დეკემბერს გაგრძელდება
პარლამენტთან დაკავებული ლევან გახელაძისა და კიდევ სამი პირის ადმინისტრაციული საქმეების განხილვა 17 დეკემბერს გაგრძელდება

გუშინ პარლამენტთან დაკავებული ლევან გახელაძისა და კიდევ სამი პირის ადმინისტრაციული საქმეების განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიდო და 17 დეკემბერს გაგრძელდება.

როგორც სხდომის გადადების შემდეგ ადვოკატმა, ედუარდ მარეკაშვილმა განაცხადა, სხდომის გადადების გადაწყვეტილება მოსამართლემ მიიღო.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ლევან გახელაძის შემთხვევაში წარმოდგენილი არ ჰქონდა არანაირი მტკიცებულება. დაკავების ოქმი შედგენილი იყო იმ ადამიანის მიერ, რომელსაც უშუალოდ არ დაუკავებია ლევან გახელაძე. შესაბამისად, არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება, რაც სამართალდარღვევას დაადასტურებდა. მიუხედავად ამისა, მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ შსს-მ უნდა წარმოადგინოს მოწმეები, ვინც უშუალოდ დამკავებლები არიან. შსს-ს თავიდანვე არ ჰქონდა მოწმეების წარმოდგენის ინტერესი, შესაბამისად, მოსამართლეს შსს-ს უპასუხისმგებლობა უნდა გადაეწყვიტა არა შსს-ს სასარგებლოდ, არამედ ჩვენს სასარგებლოდ“, – განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, მტკიცებულებები არ არსებობს არც ადმინისტრაციული სამართალდამრღვევად ცნობილი სხვა პირების მიმართ.

ალექსანდრე დავლაძე, დავით კაკაურიძე, ალიკა კუპრავა და ლევან გახელაძე გუშინ, საპროტესტო აქციის დროს წვრილმანი ხულიგნობისა და დაუმორჩილებლობის მოტივით დააკავეს და შემდეგ გაათავისუფლეს. მათ საქმეს მოსამართლე ნათია მერაბიშვილი იხილავს.