პარლამენტთან აქციაზე შეკრებილები მსვლელობას მართავენ
პარლამენტთან აქციაზე შეკრებილები მსვლელობას მართავენ

პარლამენტთან აქციაზე შეკრებილები ამ წუთებში მსვლელობას მართავენ.

მსვლელობაში აქტივისტებთან ერთად, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც მონაწილეობენ.

მსვლელობაში მონაწილეთა შორის არის „ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრი ელენე ხოშტარია.

მისი განცხადებით, შეზღუდვების გახანგრძლივებით ხელისუფლება უფლებამოსილებას ბოროტად იყენებს.

„როგორც კი ხელისუფლება გადადის ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაზე, როგორც კი ხელისუფლება აღარ ზრუნავს, არ აინტერესებს, როგორ ზარალდებიან კონკრეტული ადამიანები პანდემიის პირობებში, როგორც კი, მათ არალეგიტიმურ ხელისუფლებას შეუძლია, ასეთი დამოკიდებულება ჰქონდეს, რომ რამდენი ხანიც მინდა, იმდენ ხანს ცხრა საათზე შეგაგდებ სახლში, ხალხი მათ ეუბნება – არ გემორჩილები. კანონი ვერ იმოქმედებს, როდესაც ხალხი ამ კანონს არ იღებს. მთელი სახელმწიფო მოწყობილია ამ ურთერთნდობაზე, რომ მიღებულია კანონი, რომელსაც აღასრულებენ მოქალაქეები, მაგრამ როგორც კი, ხდება მოქალაქეების შეურაცხყოფა, პოლიტიკური უფლებების შეზღუდვა, არმოსმენა, იგნორირება, გაჭირვების დავიწყება, მაშინ მოქალაქეებს აქვთ ვალი, გამოვიდნენ და ეს გააპროტესტონ“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მისივე თქმით, არ არსებობს პროტესტი, რომელსაც საბოლოო ჯამში შედეგი არ მოაქვს.

„მაგალითად, გახსოვთ, თებერვლის შუა რიცხვებში გამოვიდნენ და თქვეს, რომ მარტამდე ასე იქნებოდა და როდესაც დაინახეს პროტესტი, მათ გარკვეული ცვლილება მოუწიათ. ასე იქნება, ყველა პროტესტს აქვს შედეგი. რაც მთავარია, ჩვენ შევდექით საზოგადოებად, რომელიც უბრალოდ მონურად არ ემორჩილება“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ცოტა ხნის წინ მცირე დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეებმა გზის სავალ ნაწილზე გადასვლა სცადეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.

სამართალდამცველები აცხადებენ, რომ აქციის მონაწილეების მიერ 21:00 საათიდან გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის დარღვევას რეაგირება მოჰყვება.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ღამის გათენებას აპირებენ, თუმცა ადგილს არ აკონკრეტებენ.

დატოვე კომენტარი