პარლამენტთან აქციაზე დიდი ზომის კარავს შლიან, რომელიც ორგანიზატორების თქმით, შტაბის ფუნქციას შეასრულებს
პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ოპოზიციის წარმომადგენლები კიდევ ერთ, გაცილებით დიდი ზომის კარავს შლიან.
როგორც ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენელმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული კარავი აქციის ორგანიზატორების შტაბის ფუნქციას შეასრულებს.
გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ აქციის ორგანიზატორები აღნიშნულ კარავში კონსულტაციებს გამართავენ. ისინი ხვალინდელი აქციისთვის ემზადებიან.
რუსთაველის გამზირზე ამ დროისათვის აქცია მიმდინარეობს, გაშლილია მცირე ზომის კარვები და აქციის მონაწილეები გასათბობად რკინის კასრებში შეშას წვავენ.
აქციაზე მთავრობის გადადგომას, ცესკო-ს სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაკომპლექტებას, ვადამდელ პროპორციულ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების უპირობო, დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.