პარლამენტთან აქციაზე დაკავებულ ლექსო მაჭავარიანს 1000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა
პარლამენტთან აქციაზე დაკავებულ ლექსო მაჭავარიანს 1000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა

პარლამენტთან, გუშინდელი აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ლექსო მაჭავარიანს სასამართლომ 1000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო.

ამასთან, ამ წუთებში მიმდინარეობს კიდევ ორი დაკავებულის პროცესი. პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლები აქციას მართავენ და ამბობენ, რომ პარლამენტთან აქციის მონაწილეები უკანონოდ დააკავეს.

„ბუნებრივია, ვაპროტესტებთ იმას, რაც ხდება ამ შენობაში და მთელ ქვეყანაში. არჩევნები ხომ წაგვართვეს, ხომ დაგვაბრმავეს, ახლა არაფრის გამო იჭერენ ადამიანებს და სცემენ პოლიციის შენობაში. ეს არის სისიტემა, რომელიც უნდა დაინგრეს და აუცილებლად დაინგრევა. გავაპროტესტებთ ბოლომდე, გავაპროტესტებთ სადაც საჭირო იქნება, ყველგან მივალთ, ყველა ელჩთან, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან. ამათგან არანაირი პოზიტიური მოლოდინი არ არსებობს“, – განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

პარლამენტთან საპროტესტო აქციის დროს რამდენიმე პირი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.