პარლამენტთან აქცია „არ გაბედო“ იმართება
პარლამენტთან აქცია „არ გაბედო“ იმართება

„არ გაბედო!“ – ამ სლოგანით აქცია იმართება პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე.

როგორც აქციის ორგანიზატორები, „სირცხვილიას“ აქტივისტები აცხადებენ, საპარლამენტო განხილვებიდან გამოიკვეთა, რომ 2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება საფრთხეშია.

„სირცხვილიას“ წევრები მმართველ გუნდს მოუწოდებენ, რომ ნაკისრი ვალდებულებები შეასრულონ და არ გაბედონ კანონპროექტის ჩაგდება.

მათივე განცხადებით, პროპორციული არჩევნები ხალხის ნებაა და არა ერთეული დეპუტატების.

„ბუნებრივია, „ქართული ოცნების“ დეპუტატები მიერ გაკეთებული განაცხადების შემდეგ ძალიან დიდი ეჭვი ჩნდება, რომ შესაძლოა, „ქართულმა ოცნებამ“ თავისივე ინიცირებული პროპორციული არჩევნების შემოღების ინიციატივა ჩააგდოს. ჩვენ მოვედით, რომ დავიცვათ ჩვენი მთავარი მონაპოვარი, პროპორციული არჩევნები, რაც ძალიან დიდი პროგრესი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, გიგა მაქარაშვილმა.