პარლამენტთან, 31 დეკემბერს დაკავებული სამი პირის ადმინისტრაციული საქმის განხილვა 14 იანვრისთვის გადაიდო
პარლამენტთან, 31 დეკემბერს დაკავებული სამი პირის ადმინისტრაციული საქმის განხილვა 14 იანვრისთვის გადაიდო

პარლამენტთან, 31 დეკემბერს დაკავებული სამი პირის ადმინისტრაციული საქმის განხილვა 14 იანვრისთვის გადაიდო.

პარლამენტთან დაკავებულ გიორგი შოთაძეს, რომეო ფარულავას და ნოდარ რუხაძეს შსს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.

მათი დაკავება 31 დეკემბერს იმ დროს მოხდა, როდესაც მერიის დასუფთავების სამსახურის მიერ პარლამენტთან განლაგებული კარვების აღებას აპროტესტებდნენ.

სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე გამოკითხეს ორი პოლიციელი. მოწმეთა განცხადებით, მათ დააკავეს აქციის ორი მონაწილე, რადგან ისინი მათ კანონიერ მოთხოვნას არ ემორჩილებოდნენ და უმისამართოდ იგინებოდნენ.

საგამოძიებო უწყების კიდევ ორი მოწმე ჯანმრთელობის პრობლემების გამო სხდომაზე ვერ გამოცხადდა, რაც სხდომის გადადების მიზეზი გახდა. თუმცა თავად დაკავებულებისა და მათი ადვოკატების პოზიციაა, რომ დღეს დაკითხულ პოლიციელებს აქტივისტები არ დაუკავებიათ. დაცვის მხარის განცხადებით, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას დაკავებულების მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

დატოვე კომენტარი