პარლამენტში წარდგენილი „შრომის კოდექსი“ ქალისა და მამაკაცის მიერ შესრულებული თანაბარი სამუშაოსთვის თანაბარი ანაზღაურების გადახდას ითვალისწინებს
პარლამენტში წარდგენილი „შრომის კოდექსი“ ქალისა და მამაკაცის მიერ შესრულებული თანაბარი სამუშაოსთვის თანაბარი ანაზღაურების გადახდას ითვალისწინებს

პარლამენტში წარდგენილი „შრომის კოდექსი“ შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციის აკრძალვას ითვალისწინებს. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ დისკრიმინაცია ნიშნავს განზრახ ან გაუფრთხილებლობით, პირის განსხვავებას, გამორიცხვას ან უპირატესობის მინიჭებას რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონით აკრძალული ნებისმიერი ნიშნით ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

პროექტში აღნიშნულია, რომ პირდაპირია დისკრიმინაცია, როდესაც ზემოთ აღნიშნული რომელიმე ნიშნის გამო პირის მიმართ ადგილი აქვს არათანაბარ მოპყრობას სხვა პირთან შედარებით, რომელიც არის, იყო ან შესაძლოა გამხდარიყო ანალოგიურ ან მსგავს მდგომარეობაში უფრო ხელსაყრელი მოპყრობის ობიექტი. კანონპროექტით განისაზღვრება

დამსაქმებლის ვალდებულება, რომ უზრუნველყოს ქალისა და მამაკაცის მიერ შესრულებული თანაბარი სამუშაოსთვის თანაბარი ანაზღაურების გადახდა.

რაც შეეხება შევიწროებას სამუშაო ადგილზე, ინიციატივაში აღნიშნულია, რომ შევიწროება, მათ შორის, სექსუალური შევიწროება წარმოადგენს დისკრიმინაციის ფორმას, როდესაც არასასურველი ქცევა მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას და მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას.

კანონპროექტში დაზუსტებულია, რომ სექსუალურ შევიწროებად მიიჩნევა პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისი ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს.

ამ მუხლთან მიმართებაში შენიშვნის სახით დაკონკრეტებულია, რომ სექსუალური ხასიათის ქცევად მიიჩნევა სექსუალური ხასიათის ფრაზების თქმა ან მიმართვა, გენიტალიების ჩვენება ან სექსუალური ხასიათის სხვა ნებისმიერი არასიტყვიერი ფიზიკური ქცევა.

ამასთან, კანონპროექტით აკრძალულია დასაქმებულისთვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ან მის მიმართ ნებისმიერი სახის უარყოფითი მოპყრობა და მასზე ზემოქმედება იმის გამო, რომ დასაქმებულმა დისკრიმინაციისგან დასაცავად განცხადებით, საჩივრით მიმართა შესაბამის ორგანოს ან ითანამშრომლა მასთან.