პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ვლადიმერ კაკაბაძეს მოუსმენენ
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ვლადიმერ კაკაბაძეს მოუსმენენ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება პარლამენტში დღესაც გაგრძელდება. კანონმდებლების შეკითხვებს დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე, ვლადიმერ კაკაბაძე უპასუხებს. ოპოზიცია მწვავე კითხვებისთვის ემზადება. კანონმდებლები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს მის წარსულ საქმიანობასთან დაკავშირებით დაუსვამს კითხვებს, კითხვები ასევე მის განხილულ საქმეებთან დაკავშირებითაც დაისმება.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, კითხვები გვაქვს თითოეულ კანდიდატთან მიმართებაში. როგორც ყოველთვის, ჩვენი ამოცანაა დავსვათ ყველა ის შეკითხვა, რომელიც პარლამენტის წევრებს გვაქვს კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებით. ასევე თუკი საზოგადოებაში არსებობს რაიმე ისეთი შეკითხვა, რომელიც უკავშირდება მათ მიერ განხილულ საქმეებს ან გახმაურებულ საქმეს, ან ზოგადად მათ პროფესიულ ბიოგრაფიას. ყველა ასეთ შეკითხვას ჩვენ გავაჟღერებთ იმისთვის, რომ ჩვენც და ჩვენმა მოქალაქეებმაც, დაინტერესებულმა პირებმა მიიღონ ამ შეკითხვებზე პასუხი“, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ  საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.

ვლადიმერ კაკაბაძე 1997-2006 წლებში სხვადასხვა კომპანიაში ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას. 2006 წელს იგი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატის სამდივნოს კონსულტანტი იყო. 2006-2016 წლებში ვლადიმერ კაკაბაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობდა. 2016 წელს იგი სამი წლის ვადით გამწესდა იმავე პოზიციაზე, ხოლო 2017 წლიდან უვადოდ დაინიშნა ამავე თანამდებობაზე. 2019 წლის 15 ივლისიდან ვლადიმერ კაკაბაძე სამოსამართლო უფლებამოსილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ახორციელებს.