პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ნუგზარ სხირტლაძეს მოუსმენენ 
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ნუგზარ სხირტლაძეს მოუსმენენ 

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება. დეპუტატები ამჯერად ნუგზარ სხირტლაძეს მოუსმენენ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს კითხვებს სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, ასევე უზენაეს სასამართლოში მის საქმიანობასთან დაკავშირებით დაუსვამენ.

„ისევე, როგორც ყველა კანდიდატთან, ბატონ ნუგზართანაც გვექნება ძალიან მწვავე და შინაარსიანი კითხვები. გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს მხოლოდ ამ პროცესის დასრულების შემდეგ, მათ შორის ამ კითხვა-პასუხზეც ბევრი იქნება დამოკიდებული, დაუჭერს ამა თუ იმ კანდიდატს პარლამენტი მხარს თუ არა“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა.

ოპოზიცია უკვე წარდგენილ კანდიდატებს უარყოფითად აფასებს და აცხადებს, რომ მათი უმეტესობა არ არის მისაღები უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობისთვის.

„იმ ცამეტი მოსამართლიდან, რომელსაც მოვუსმინეთ, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ თორმეტი არ იმსახურებს არათუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობას, არამედ – ზოგიერთი საერთოდ სასამართლო სისტემაში ყოფნას. არის სავალალო სურათი. დღეს გამოჩნდება, თუ როგორ წარმოაჩენს კანდიდატი თავს, მაგრამ დიდი იმედი განვლილი მოსმენებიდან გამომდინარე, არ გვაქვს. ჩემი მხრიდან ტრადიციული კითხვა იქნება: არის თუ არა არაფორმალური მმართველობა, რაზეც სტანდარტულად გვპასუხობენ ხოლმე, რა თქმა უნდა მეტყვიან, რომ არ არის. კითხვაზე – არის თუ არა კლანი სასამართლოში, ბუნებრივია, უპასუხებენ, რომ არ არის“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.

ნუგზარ სხირტლაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის ყოფილი მოსამართლეა. მას უფლებამოსილების ვადა 2019 წლის 20 ივლისს ამოეწურა, თუმცა ამ ეტაპზე ვადა აქვს გახანგრძლივებული, რათა მისი მონაწილეობით დაწყებულ საქმეებზე დასრულდეს საქმის წარმოება. ნუგზარ სხირტლაძეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მანტია ორჯერ ჰქონდა მორგებული. პირველად ის უმაღლეს ისტანციაში 2009 წელს აირჩიეს.

დატოვე კომენტარი